24-02-2024
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილესთან ზურაბ ვაჭარაძესთან ერთად, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მევენახეებთან და ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „გურიის ჩხავერი“ სტატუსის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
„დღეისთვის, გურიაში ადგილობრივი ვაზის ჯიშების აღდგენა-გაშენებას დიდი ყურადღება ექცევა. ერთ-ერთი გამორჩეული, უძველესი ვაზის ჯიშია ჩხავერი, რომლის ფართობებიც გურიის რეგიონში მნიშვნელოვნად იზრდება. რეგიონში გამართული შეხვედრა, ძირითად თემებთან ერთად, დარგში არსებული პრობლემების განხილვასაც დაეთმო. უპირველეს ყოვლისა, გურიის რეგიონში ვაზის კვალიფიციური სანერგე მეურნეობის შექმნის საკითხს, რომელიც ახალი ვენახების გაშენების მსურველთათვის ვაზის სხვადასხვა ჯიშის ხარისხიან სარგავ მასალაზე ხელმისაწვდომობის გარანტი იქნება“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.
შეხვედრის მონაწილეებმა რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, ფერმერთა ცოდნის ამაღლების მიზნით თეორიული და პრაქტიკული სახის ტრენინგების ჩატარების მნიშვნელობასა და მევენახე-მეღვინეთა მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებზე გაამახვილეს ყურადღება.
„რეგიონში გამართული შეხვედრა იმ დიდი საქმის გაგრძელებაა, რაც გურულებისთვის უნიკალური ვაზის ჯიშჩხავერის აღორძინებას და მისგან წარმოებული ღვინისთვის ადგილწარმოშობის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება. ამ და სხვა საკითხების განხილვასთან ერთად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო გურიის რეგიონის ღვინის მწარმოებელთათვის ლაბორატორიული შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ფერმერებისა და დაინტერესებული პირებისთვის მევენახეობა-მეღვინეობის უფასო სასწავლო კურსების მოწყობას, რაც ცნობადობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ.
შეხვედრას, რომელიც ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის,სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ცენტრში „ანასეული“ გაიმართა, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, შემოქმედელი მიტროპოლიტი ყოვლადუსამღვდელოესი იოსები და სხვა პირები ესწრებოდნენ, რომლებიც ანასეულის ბაზის ლაბორატორიებში მიმდინარე სამუშაო პროცესებს და სამეცნიერო პროექტებსაც გაეცნენ.
შეხვედრის დასასრულს,გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტების სოფლებში მოყვანილი ვაზის ჯიში „ჩხავერისგან“ დაყენებული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა.