გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე: თანამედროვე გამოწვევაა ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაზღვევა და საკანონმდებლო დონეზე ამას გავაკეთებთ

29-02-2024

რაღაც სახელების დარქმევა, როგორც წარსულში ნაწილობრივ მოახერხეს ზოგიერთ კანონზე და რაღაც მანიპულაციები, რაღაც სპეკულაციები რომ ვერ მოახერხონ, მოვუწოდებთ ყველას, ვინც კი იმ ღირებულებების ირგვლივ და დასაცავად შეიძლება თავი მოიყარონ, ყველას აბსოლუტურად, მოვუწოდებ რომ შემოგვიერთდნენ - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი მავნე შედეგებისგან დაცვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.


როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ყველა ადამიანის უფლება მკაცრად იქნება დაცული, თუმცა, ეს არ უნდა აგვერიოს ფსევდოლიბერალურ პროპაგანდაში.


"ვისაც უნდა, რომ ეს ღირებულებები იყოს დაცული და ვისაც უნდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში იყოს გარანტია იმისა, რომ სამომავლოდ ვერანაირი იდეოლოგია ვერ შეარყევს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, დიახ, ყველა ადამიანის უფლება განუხრელად, ძალიან პრინციპულად და მკაცრად უნდა იყოს დაცული, მაგრამ ეს არ უნდა აგვერიოს ჩვენ პროპაგანდაში, არ უნდა აგვერიოს ფსევდო-ლიბერალური მიმართულების პროპაგანდაში, არ უნდა აგვერიოს იმაში, რომ ხვალ ვიღაცას არ უნდა მოუნდეს, დედა და მამა გააქროს ჩვენი ტერმინოლოგიიდან. ნებისმიერი განსხვავების მიუხედავად ჩვენ უნდა დავიცვათ ნებისმიერი ადამიანის უფლება ბოლომდე და არავინ ამ თემას არ უნდა მიეკაროს, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროპაგანდა ამ საკითხების უნდა ვაქციოთ წესად - ჩვენ ამას თავშივე უნდა დავუპირისპირდეთ." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


მან ასევე გაიხსენა 2017 წლის ჩანაწერი კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც დაზუსტდა, რომ ოჯახი ქალის და მამაკაცის კავშირია და აღნიშნა, რომ თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, აღმოჩნდა, რომ მმართველმა პარტიამ მაშინ სერიოზული პრობლემის პრევენცია მოახდინა და ახლაც იმავეს აკეთებს.


"როდესაც 2017 წელს ვწერდით კონსტიტუციაში, რომ "ქორწინება ეს არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით", მაშინ ჩვენ გვსაყვედურობდნენ: რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში, საიდან მოიტანეთ, ეს პრობლემა ხომ არ არსებობს, ვინ გეუბნებათ რომ ეს ასე არ არის, რომ ეს არის რუსული მიდგომა - ამას გვეუბნებოდნენ არგუმენტების სახით და დღეს, თანამედროვე მსოფლიოში არსებულმა ფსევდო-ლიბერალურმა მიდგომებმა აჩვენა, რომ დიახ, თურმე 2017 წელს ჩვენ მყარი გარანტია აგვიღია ამ ჩანაწერით, რომ საქართველოში ტერმინი მესამე სქესი ვერ გაჩნდება. შესაბამისად, ჩვენ თურმე დავაზღვიეთ 2017 წელს ძალიან სერიოზული პრობლემა, პრევენცია მოვახდინეთ ამ პრობლემის და ახლაც იმავეს ვაკეთებთ.


თანამედროვე გამოწვევა არის ამ ფსევდო-ლიბერალური პროპაგანდისგან დაზღვევა და ჩვენ საკანონმდებლო დონეზე ამას გავაკეთებთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, ვინც ამ ღირებულებების გვერდით შეიძლება დადგეს, შემოგვიერთდნენ ამ ინიციატივაში და რაღაც საკითხებზე რომ არ ისპეკულირონ, თავად გააჩინონ ინიციატივები, როგორ შეიძლება მოხდეს უფლებების დაცვის და პროპაგანდის გამიჯვნა ერთმანეთისგან" - განაცხადა მდინარაძემ.