4-10-2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ საგარეჯოში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა საპრეზიდენტო კანდიდატ, სალომე ზურაბიშვილის მიმართ კიდევ ერთხელ გამოხატა.
„კიდევ ერთხელ, ამ ქვეყნის ბედი თქვენს ხელშია. სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნება“ აქტიური მხარდაჭერის კამპანიაზე გადავიდა, რადგან შეთავაზებული ევროპული ტიპის კამპანია, რომელიც ჩვენს ქვეყანას და სახელმწიფო მეთაურის პოსტს ეკადრება, არ იქნა გაზიარებული და ჩემი აზრით, უპრეცენდენტოდ ბინძური, შეუფერებელი ტაქტიკა იქნა შერჩეული ოპონენტების მიერ. ჩვენ ეს არ გვეკადრება, მაგრამ ყოველდღიურად ვისმენთ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცილისწამებას. ამიტომაც გესმით მაღალი ტრიბუნიდან, პარლამენტის თავმჯდომარისგან და პარტიის სხვა ლიდერებისგან მკვეთრი განცხადებები... არ შეიძლება ვეფეროთ ადამიანებს, რომლებსაც არ ესმით რას ნიშნავს ევროპულობა და ევროპული სტანდარტები. შესაძლებელია, ეს არის უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ჩვენ მაღალი ლეგიტიმაციის პირს პირდაპირ ვირჩევთ, რომელიც უნდა იყოს ორიენტირებული ზეპარტიულობაზე, შიგნით უნდა იყოს არბიტრი, გარეთ კი - დიპლომატიური ფარი და ხმალი. ასეთი კანდიდატის შერჩევა არც თუ ისე ადვილია. თუმცა, ასეთი არის ქალბატონი - სალომე ზურაბიშვილი და სწორედ ამიტომ „ქართული ოცნება“ მას უჭერს მხარს“ - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.