4-04-2024
„გუშინ 16 წელი მომისაჯეს ბავშვების ბანანზე გასეირნებისთვის. როგორც იურისტებმა ამიხსნეს, ასეთი ბრალდება მთელ საქართველოში მხოლოდ მე დამიმტკიცდა. ბავშვებმა ბანანამდე მოცურეს, გავასეირნე, გასეირნება დავასრულე ამოტრიალებით ტივტივასთან ძალიან ახლოს, იქვე გავჩერდი საკმარისი დრო, რომ შემემჩნია, ყველა ძალიან კარგად მიცურავდა ნაპირისკენ და გავაგრძელე იმავეს კეთება უამრავი სხვა დამსვენებლისთვის, მეორე დღესაც უამრავჯერ ამოვატრიალე ბანანი, მესამე დღიდან აღმოვჩნდი პროკურატურაში, ანუ ჯოჯოხეთში…
პროკურორმა გაბრალებო:
მათი მოკვლა გინდოდაო, პირდაპირ კი არ გინდოდა, არამედ, არაპირდაპირო, რადგან იცოდი, რომ ცურვა არ იცოდნენ და ჟილეტების ჩაცმის უფლება მაგიტომ არ მიეციო, მერე დიდი სიჩქარით გაქანდი ზღვის სიღრმეშიო, თან ეგ რომ არ გდომოდა, ბანანს არ ამოატრიალებდიო, ბანანის ამოტრიალება ძალიან იშვიათად, თითქმის არასდროს ხდებაო.
არადა, ვიდეოში ჩანს, რომ:
ბანანი ამ დროს იყო იმ სიღრმეში, რომ ცურვის გარეშე შეუძლებელი იყო მისვლა და ამ ცარიელ ბანანზე აძვრნენ ბავშვები; ყველა დასაჯდომ ადგილზე, ფეხებთან ეკიდა ჟილეტები; კატერი მოძრაობს მხოლოდ ნაპირის პარალელურად და ტივტივებთან ახლოს, საკმაოდ ნელა, ისე ნელა, რომ პირველი ცდისას ბანანი ვერც ამოტრიალდა. რა თქმა უნდა, ზუსტად ვიცით მეც და თითქმის ყველა დამსვენებელმა, რომ დამსვენებლები ბანანზე სეირნობისას ყველაზე მეტად მის ამოყირავებას ელიან…
პროცესებზე გავარკვიე რომ:
გარდაცვლილის ორგანოებში აღმოჩნდა პლანქტონი, რაც პრაქტიკულად არ გვხვდება, თუ ადამიანი მლაშე წყალში დაიხრჩო; ამაზე პროკურორს არგუმენტი არ ჰქონდა. გარდაცვლილ არასრულწლოვანს აღმოაჩნდა ალკოჰოლი, როცა მეგობრები ამტკიცებენ, რომ ბანანზე ასვლამდე არ ჰქონდა მიღებული ალკოჰოლი, რითაც საერთოდ არ დაინტერესდა გამოძიება, ვისთან, სად და როდის მიიღო. დინებების პროფესორებმა დაადასტურეს, რომ თეორიულად შეუძლებელია დახრჩობის შემდეგ მაგ ადგილებში გვამი გადაადგილდეს დახრჩობის ადგილიდან მარცხნივ (მდინარე ჭოროხისკენ) და სიღრმეში კორიოლისის ძალის და ზღვის გამოკვლეული დინებების გამო (კორიოლისის ძალების შესახებ მეც პირველად გავიგე სასამართლოზე). პროკურორმა ამას დაუპირისპირა თავისი ოფისის ფანჯრიდან დანახული, მაგრამ თეორიულად აუხსნელი დინება…
ვიდეოში ვნახე, რომ ბანანზე მეხუთე ადამიანიც ყოფილა, რომელზეც არავინ არაფერი ვიცით, მაგრამ მე მჯერა, რომ მან ყველაზე მეტი შეიძლება იცოდეს და ალბათ პლანქტონის, ალკოჰოლის და გვამის სხვაგან აღმოჩენის საიდუმლოსაც ფარდას ახდის. კიდევ მოვისმინე ათასი იურიდიული ნიუანსი, რაც ძალიან მკაფიოდ აჩენს როგორც ბრალდების სამართლებრივ აბსურდულობას, ასევე, გამოძიების უმოქმედობას, სრულ არაკომპეტენტურობას და წარმოუდგენელ გულგრილობას. ამ ყველაფერს ისმენდა პროკურორიც, რომელსაც სირცხვილისგან სახე ყოველ ჯერზე ეცვლებოდა. მოსამართლეც ისმენდა, ან არც ისმენდა. დამნაშავეაო და 16 წელიო…
ყველაზე მეტად დედაჩემი შემეცოდა, ზუსტად ისე შემეცოდა, როგორც იმ დღეს გარდაცვლილის დედა, რომელსაც ატყუებენ, რომ საქმე გამოიძიეს და აჯერებენ, რომ ბავშვი ბანანის ამოტრიალების შედეგად გარდაეცვალა…“, – ეს წერილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გასამართლებულმა მსჯავრდადებულმა ზურაბ საღინაძემ ციხიდან გამოგვიგზავნა. ის ამბობს, რომ სამართალს ისევ ეძებს და ვერ წარმოედგინა, პროცესზე თავის სიმართლეს თუ ვერ დაამტკიცებდა.
ზურაბ საღინაძის საქმის არსებითიგანხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე დღის წინ დასრულდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სრულად გაიზიარა ბრალდების მტკიცებულება და ბრალდებულ ზურაბ საღინაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ბრალდებულს ბათუმში, 2023 წლის 4 ივლისს მომხდარ ფაქტს ედავებიან. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა ბრალდებულ საღინაძის ბრალეულობა.
“გამოძიების მტკიცებით, 2023 წლის 4 ივლისს, ბათუმის სანაპიროზე, ბრალდებულმა და მასთან ერთად მყოფმა ორმა პირმა, სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღაზე მიბმულ საბუქსირე-წყლის ატრაქციონ ე.წ. ბანანზე, გართობის მიზნით, 4 მოზარდი სამაშველო ჟილეტების გარეშე აიყვანეს. კატარღის საჭესთან მყოფმა ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით “ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც, უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ. ასევე, მან ერთ-ერთ არასრულწლოვანს სამაშველო ჟილეტი წაართვა, რომელიც დაზარალებულს ზღვაში ჩავარდნის შემდგომ თან მიჰქონდა. ბრალდება ასევე აცხადებს, რომ ბრალდებულმა ბავშვებისთვის აუცილებელი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა მასთან ერთად კატარღაზე მყოფ ორ პირსაც არ მისცა, თუმცა, მსგავსი ფაქტი ამ ორივე პირმა სასამართლოში კატეგორიულად უარყო. მათ ადვოკატის შეკითხვაზე უპასუხეს, რომ ზურას არათუ არ აუკრძალავს მათთვის არავის დახმარება, არამედ, ბავშვები კარგად ცურავდნენ და არავის დახმარება მათ არ სჭირდებოდათ (იგივე დაადასტურა გამოძიების დროს გამოკითხულმა სამივე მაშველმა). სამმა არასრულწლოვანმა სანაპიროზე უსაფრთხოდ გასვლა მოახერხა, ხოლო ერთი მოზარდი, ბრალდების ვერსიით, ამ სიტუაციაში დაიხრჩო და მისი ცხედარი 3 დღის შემდეგ, 2023 წლის 7 ივლისს, სავარაუდო შემთხვევის ადგილიდან 2კმ. მოშორებით აღმოაჩინეს. დაცვის მხარის მტკიცებით, მოზარდი ამ ინციდენტის დროს არ დაღუპულა და ბანანზე მყოფი ყველა ბავშვი გავიდა ნაპირზე, როგორც ამას თავიდან აცხადებდა 4 ივლისს მაშველებთან მისული 3 ბავშვი. მაშველების განცხადებით, წყლიდან გამოსვლა არც ერთს არ გასჭირვებია, თავისით გამოცურეს და ამ სიტუაციაში მათ ვინმეს დახრჩობის ან ასეთის საფრთხის შესახებ არანაირი ინციდენტი არ შეუნიშნავთ. დაცვის მხარე ხაზს უსვამს, რომ ვინაიდან შემთხვევა მოხდა ნაპირთან ახლოს, ამ დროს ვინმეს დახრჩობის შემთხვევაში ამას აუცილებლად დაინახავდნენ დამსვენებლები და თავად ბანანზე მყოფი ბავშვები.
დაკავებულს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აქვე აღსანიშნავია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე კატარღაზე მყოფ ორ პირს ბრალდება წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. არასრულწლოვან პირს სასჯელის სახედ და ზომად 2 წლის და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო მეორე ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გაასაჩივრებენ თუ არა ისინი ამ ვერდიქტს, ჯერჯერობით უცნობია.
ცნობილია, რომ ამ ხმაურიანი საქმის მთავარ ბრალდებულს – ზურაბ საღინაძეს სურდა მისი საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ, თუმცა ეს არ მოხდა, რადგან მას ბრალი არა მკვლელობის, არამედ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარუდგინეს. ბრალდებულის ადვოკატებმა საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართეს, თუმცა ეს სარჩელი ჯერ არ განხილულა. საკონსტიტუციოში შეტანილ სარჩელში აღნიშნულია, რომ არასრულწლოვნის გარდაცვალების მიუხედავად, პროკურატურამ მას ბრალი მაინც დაუსრულებელი დანაშაულისთვის წარუდგინა და ეს მოხდა იმიტომ, რომ ბრალდებულს ნაფიცი მსაჯულები ვერ აერჩია. მართალია საქმის არსებითი განხილვის დროს ადვოკატები მაქსიმალურად ცდილობდნენ, ბრალდებულის უდანაშაულობა დაემტკიცებინათ, მაგრამ მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და ზურაბ საღინაძეს 16 წლით აღუკვეთა თავისუფლება. ახლა ადვოკატები მოსამართლის განაჩენს ელოდებიან, რომ ეს ვერდიქტი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ.
ბრალდებულ ზურაბ საღინაძის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი:
– ძალიან სამწუხაროა, რომ მოსამართლემ სამართლიანი სასამართლოს, მართლმსაჯულების ელემენტარული ყველაზე დაბალი სტანდარტიც კი ვერ დააკმაყოფილა და პროკურატურის ვარაუდები, რომელიც წარმოდგენილი იყო, გაიზიარა, როგორც დადგენილი ფაქტები. არადა, არც ერთი მტკიცებულება, არც ერთი გარემოება არ მიუთითებდა იმას, რომ მომხდარი იყო ის დანაშაული, რასაც პროკურატურა დავობდა სასამართლოში. არც ერთ მოწმეს არ დაუდასტურებია ბანანის ამობრუნების ადგილას გარდაცვლილი ახალგაზრდის ყოფნის ფაქტი. არც ერთ მოწმეს ზღვის ზედაპირზე არ უნახავს ის ახალგაზრდა და, შესაბამისად, შეუძლებელი იყო ისეთი ადამიანის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის გამტყუნება, რომელიც მას თვალითაც არ უნახავს. ასევე იყო ბევრი სხვა მნიშვნელოვანი გარემოება. ყველა ის მტკიცებულება, რაც დაცვის მხარემ წარვადგინეთ სასამართლოში, ექსპერტიზის დასკვნები, გამორიცხავდა იმას, რასაც პროკურატურა ამტკიცებს. ძალიან სამწუხაროა, რომ მოსამართლემ ელემენტარული მართლმსაჯულების სტანდარტი ვერ დააკმაყოფილა და ის ვარაუდები, რასაც პროკურატურა წარმოაჩენდა სასამართლოში, გაიზიარა. შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ სამართლებრივად ბრძოლას უდანაშაულო ადამიანის დასაცავად და თუ სამართალს აქ ვერ მივაღწიეთ, მაშინ აუცილებლად გამოვიყენებთ საერთაშორისო გზებს, რომ უდანაშაულო ადამიანის უფლებები იყოს დაცული.
– ბატონო არჩილ, როგორც ვიცი, საკონსტიტუციო სასამართლოშიც კი გაქვთ საჩივარი შეტანილი, ამ საჩივრის განხილვა თუ მოხდა?
– დიახ, ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოშიც გვაქვს ამჟამად გასაჩივრებული. ჩვენ ვითხოვდით ნაფიც მსაჯულებს განეხილათ ზურაბ საღინაძის ბრალდების საქმე, მაგრამ ამის საშუალება არ მოგვეცა საქმის კვალიფიკაციიდან გამომდინარე. არადა დარწმუნებულები ვართ, რომ ნაფიცი მსაჯულები ამ მტკიცებულებების შემდეგ მას აუცილებლად გაამართლებდნენ და დადგებოდა გამამართლებელი განაჩენი, მაგრამ პროკურატურამ ეს გზა სპეციალურად მოუსპო ბრალდებულს. საქმე რომ არ მომხვდარიყო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში, სწორედ ამისგან თავის დასაღწევად, პროკურატურამ მას ბრალდება წაუყენა არა მკვლელობაში, არამედ, მკვლელობის მცდელობაში. ამტკიცებენ, რომ ადამიანი გარდაცვლილია და საღინაძე გასამართლდა მკვლელობის მცდელობისთვის. მოსამართლემაც ამ მუხლით გამოიტანა განაჩენი. ეს ეგრეთ წოდებული ხრიკები და ეშმაკობა პროკურატურას დასჭირდა იმისათვის, რომ ბრალდებულს არ ესარგებლა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოთი, რადგან ის იქ გარანტირებულად გამართლდებოდა. ესეც მიუთითებს იმაზე, თუ როგორი “ობიექტური” იყო პროკურატურა და მოსამართლემ, რომელსაც თურმე სისხლის სამართალში კვალიფიკაციაც კი არ აქვს, ასეთი გაუგონარი განაჩენი გამოიტანა…
– აპირებთ განაჩენის გასაჩივრებას? უკვე ჩაგბარდათ დასაბუთებული განაჩენი?
– მოვითხოვეთ, მაგრამ ამ დრომდე არ გადმოუციათ. ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ მოსამართლემ ვარაუდების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნებრივია, ერთი კვირა არ დასჭირდებოდა იმისათვის, რომ ეს განაჩენი მოეცა. ახლა ველოდებით დასაბუთებულ განაჩენს და აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში.
– არჩილ, ალბათ სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ ის მოზარდები, რომლებიც იმ დღეს იყვნენ იმ ბანანზე, რას ამბობენ ისინი?
– დიახ, დაიკითხნენ მოზარდებიც, ვინც ბანანზე იმყოფებოდა 2023 წლის 4 ივლისს, ყველა მათგანმა დაადასტურა, რომ ბანანის ამობრუნების ადგილას წყლის ზედაპირზე გარდაცვლილი ახალგაზრდა მათ არ უნახავთ. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ დახრჩობა არ უნახავთ, არ ყოფილა იქ ადამიანი, ვისაც დახმარება ესაჭიროებოდა და ვინც დახმარების გარეშე დატოვა ბრალდებულმა. ამ მოწმეებმა ეს ყველაფერი დაადასტურეს, თუმცა მოსამართლემ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, რაც ბუნებრივია, ძალიან მოულოდნელი იყო როგორც ბრალდებულისთვის, იურისტებისთვის, ასევე, დარბაზში მყოფი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პირველივე დღიდან ადევნებდნენ თვალს სასამართლო პროცესს და მოსამართლის გაუგონარმა გადაწყვეტილებამ მათი სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.
– ბრალდებული ზურაბ საღინაძე რას ამბობს მომხდარზე?
– ზურაბ საღინაძე პირველივე დღიდან გამოძიებასთან თანამშრომლობდა და აძლევდა შესაბამის ინფორმაციას, რაც ჰქონდა. ის თავს უდანაშაულოდ თვლის და მზად არის იბრძოლოს ბოლომდე. აქ მთავარია ის, რომ ჩვენ ამოვიღეთ ვიდეო კადრები, სადაც ასახულია განვითარებული მოვლენები. თუ მაგალითად პირველ ეტაპზე ბრალდება იყო, რომ მან ამოატრიალა ბანანი და მიატოვა ბავშვები შუა წყალში და წავიდა, ვიდეოკადრებით დადგინდა, რომ დაახლოებით 4 წუთი საღინაძე იმყოფება ადგილზე, მობრუნდა ნაპირზე და შესაბამისად მისი მხედველობის არეში არიან ის ბავშვებიც, რომლებიც მოცურავდნენ და თითქმის უკვე ნაპირზე იყვნენ გამოსულები. მოწმე ამბობდა დარწმუნებული ვიყავი, რომ ბანანის გადმობრუნების ადგილიდან ნაპირზე გავიდოდი, ხოლო ჩემი მეგობარი ჩემზე კარგად ცურავდა და ვიცოდი ისიც ნაპირზე უპრობლემოდ გავიდოდაო, ასეთ მოწმეებს მოუსმინა მოსამართლემ, მაგრამ რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მოსამართლემ ჩათვალა, რომ საღინაძეს უნდა ევარაუდა, ისინი ნაპირზე ვერ გამოვიდოდნენ და მათ რაიმე საფრთხე დაემუქრებოდათო. ამით მოსამართლემ მიიღო არა მარტო ბრალდებულის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, არამედ დაზარალებულების საწინააღმდეგოც, რაც ბუნებრივია ყოველივე მოლოდინს აჭარბებს და პირდაპირ საოცრებაა. ნულოვანი ტოლერანტობის პერიოდშიც კი არ ხდებოდა ასეთი რამ, რომ დაზარალებულის ჩვენების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიეღო სასამართლოს. ეს გაუგონარი უკანონობაა, რასაც ვფიქრობ, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
– სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით დაიკითხა ერთ-ერთი ბიჭის დედა, სოფიო თურმანიძე. მან ისაუბრა იმაზე, რაც მისმა შვილმა უამბო. “დედა, ძლივს გადავრჩით გუშინ, “ბანანზე” ვიყავით, ძალიან შორს გაგვიყვანა კატერის მძღოლმა და ზღვაში გადმოგვყარა, გადარჩენის შანსი არ გვქონდაო”, – თქვა მან პროცესზე. ისიც დასძინა, ცურვა კი იცოდა ჩემმა შვილმა, მაგრამ სიღრმის ეშინოდა და მითხრა, რომ გამოვიხედე, უკიდეგანოდ შორს მომეჩვენა ნაპირიო. ნაპირზე რომ გამოვედი, მაშველმა მითხრა, ოთხნი იყავით და მეოთხე შენ ხარო. ჩემმა შვილმა ასე იცოდა, რომ ყველა გადარჩაო. მის ამ ჩვენებაზე რას იტყვით?
– არასწორია ეს ვერსია, რომ მის შვილს თითქოს შეეშინდა. 16 წლის ახალგაზრდაა მისი შვილი, რომელიც ზღვის სანაპიროზე, ტივტივებთან იყო, 30 მეტრი ჰქონდა დარჩენილი ნაპირამდე და შეეძლო გაეცურა, მაგრამ ამის ნაცვლად, მან ზღვის შიგნით გაცურა 200 მეტრი, ნაპირის პარალელურად მიცურავდა. ეს ფაქტობრივი გარემოებით დადასტურებულია. ჩანს კადრებში. ბუნებრივია, თუ მას შიში ჰქონდა, სიღრმეში კი არ გაცურავდა 200 მეტრით, გამოცურავდა ნაპირზე და ამისთვის 5-ჯერ უფრო ნაკლები მანძილის გავლა დასჭირდებოდა. შესაბამისად, ეს შეიძლება რაღაც ემოციური განცხადებები იყოს. ფაქტობრივი გარემოებები არ ადასტურებს ამ ემოციურ განცხადებებს, რომ ვიღაც კვდებოდა, იხრჩობოდა და დახმარება სჭირდებოდა. ასევე არის მეორე მოწმე, სანდრო ჯორბენაძე, რომელიც გამომძიებელთანაც ამბობს, მე დარწმუნებული ვიყავი, რომ არ გამიჭირდებოდა და ნაპირზე გავიდოდიო. როცა ამას ამბობს მოწმე, ბანანის მძღოლს, რომელიც ხედავს, რომ ბავშვები ცურვით მოემართებიან ბანანისკენ, უჰაეროდ ცურავენ, საუკეთესო ფორმაში არიან, რატომ უნდა ევარაუდა, რომ მათ ნაპირზე გასვლა გაუჭირდებოდათ. მით უმეტეს, დაახლოებით 4 წუთი გაჩერდა ადგილზე და ნახა, რომ ისინი წყალში შეერივნენ მობანავეებს. აბსოლუტურად დაუსაბუთებელია ეს განაჩენი. ასეთი ემოციური განცხადებების საფუძველზე გაკეთდა თავიდანვე პიარი, რომ თითქოს ბრალდებული 4 ბავშვს ხოცავდა და ა.შ. ამ ემოციას აყოლილმა მოსამართლემ, რომელსაც შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვს და მოსამართლის სისხლის სამართალში გამოცდაც არ აქვს ჩაბარებული, მტკიცებულებების იგნორირებით გამოიტანა ასეთი ემოციური განაჩენი, რომელიც ძალიან შორს არის კანონისგან, კონსტიტუციისგან და ადამიანის უფლებებისგან.
– ამბობთ, რომ ამოღებულია ვიდეო ჩანაწერი, იმ კადრებში ჩანს გარდაცვლილი მოზარდი ლუკა აბულაძე?
– კადრებში პირების ამოცნობა არ შეიძლება, მაგრამ გამოირიცხება ის გარემოებები, რითაც ბრალი ჰქონდა წარდგენილი ბრალდებულს. საქმეში იყო ჩვენება, რომ თითქოს აბულაძე პირველი ავიდა ბანანზე, ეს გამოირიცხება ამ ვიდეო ჩანაწერებით. თუ პირველი ავიდა, მაშინ ის ბოლოში ვერ მოხვდებოდა, ბოლოში ბოლოს ასული ადამიანი მოხვდება. ასევე არ დადასტურდა რომ ერთ ახალგაზრდას მეორეზე ხელი ჰქონდა შემოხვეული, მართალია სახეებს ვერ ვხედავთ, მაგრამ ჩანს, რომ ხელი არავის აქვს შემოხვეული ერთმანეთის.თვის ადამიანის სილუეტების გარჩევა აშკარად შეიძლება. ასევე არის სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები, ზღვის სიღრმეშია ბანანი და იქ ადიან ბავშვები. ასევე არ დადასტურდა, რომ თითქოს ჩაყარა და მიატოვა, ვიდეოში ჩანს, რომ 4-5 წუთი ის იქ დგას, ნაპირთან მიახლოებულია. ამბობდნენ რომ შუა ზღვაში ჩაყარაო, არც ეს დადასტურდა, რადგან ნაპირზე ხდება ეს მოვლენები. ასე რომ არ დადასტურდა ისიც, საღინაძემ თითქოსდა ივარაუდა, რომ ისინი ვერ გავიდოდნენ ნაპირზე. მაგრამ სამწუხაროდ მოსამართლემ ელემენტარული სამართლიანობა ვერ დააკმაყოფილა და ემოციით მიიღო ასეთი უკანონო გადაწყვეტილება.
– ბანანზე 5 პირი იყო, თუ 4?
– პროკურატურა ამტკიცებდა, რომ 4 ადამიანი იყო ბანანზე. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ 5 იყვნენ. როგორ შეიძლება ვენდოთ პროკურატურას და მის შეფასებებს, რასაც ის გვთავაზობს, მაშინ, როდესაც ის ვერ გამოიძია 4 ბავშვი იყო, თუ – 5. კარგი, დავუშვათ მეოთხე გარდაცვლილი პირია იმ ბანანზე, მეხუთე ხომ ცოცხალი ადამიანია, რატომ ვერ მოხერხდა მისი იდენტიფიცირება. ის ვერ დაადგინეს მეხუთე პირი ვინ იყო და ის დაადგინეს ბრალდებულმა რა გაიფიქრა? ეს ხომ სიგიჟეა.
– ეს ბავშვები ერთმანეთის მეგობრები იყვნენ?
– ორი იყო ერთმანეთის მეგობარი. არცერთი არ იყო იქ ლუკას მეგობარი.
– ხომ არ ამტკიცებთ, რომ ლუკა აბულაძე იქ საერთოდ არ ყოფილა?
– ამ კითხვას პასუხი გაეცემოდა იმ შემთხვევაში, მოსამართლეს რომ მიეღო სწორი გადაწყვეტილება და უდანაშაულო ადამიანი გაემართლებინა. პოლიცია და პროკურატურა იძულებული იქნებოდა გაეგრძელებინა ამ საქმის გამოძიება და დაედგინა სიმართლე. კითხვას, რომელიც მეც მაქვს და თქვენც გაქვთ, პასუხი არ გაეცემა, რადგან მოსამართლემ ფაქტობრივად, მოსპო ამ საქმის გამოძიების შესაძლებლობა, ამ გამამტყუნებელი განაჩენით. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ რასაც აბრალებენ საღინაძეს ეს ვერ მოხდებოდა და არ შეიძლება ასე მომხდარიყო. დანარჩენი, რა მოხდა, ეს არის პოლიციის და პროკურატურის გამოსაძიებელი. ამ განაჩენით მოსამართლემ დაასამარა ეს საქმე. სასამართლოზე დაზარალებულის ოჯახის წევრებმაც კი თქვეს, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, ბრალდებულს არ გაეთვალა მოსალოდნელი შედეგიო. ეს გამწარებული ოჯახიც კი არ ამტკიცებს არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილ მკვლელობას ჰქონდა ადგილი, მაგრამ მოსამართლემ რეკორდი მოხსნა და ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ახლა გვაქვს იმის მოლოდინი, რომ აპელაციაში საქმის ლოგიკური დასასრული იქნება, მოხდება ბრალდებულის გამართლება და იქნებ, ამის შემდეგ მაინც გამოიძიონ ეს საქმე, დაადგინონ, ვინ არის ის მეხუთე პირი, დაელაპარაკონ და გამოიძიონ სამართლიანად. ლოგიკური დასასრული უნდა იყოს უდანაშაულო ადამიანის გამართლება და შემდეგ გაირკვევა, რა მოხდა იქ რეალურად.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით ერთ-ერთი მოწმის ადვოკატს, გვინდოდა მოგვესმინა მისი პოზიცია და უფრო მეტი დეტალი გაგვეგო ფაქტის თვითმხილველის მონათხრობიდან, მაგრამ ადვოკატმა რამაზ ჯორბენაძემ კომენტარის გაკეთებებისგან თავი შეიკავა.
“მე ვარ ერთ-ერთი მოწმის ადვოკატი, მაგრამ რადგან ის არის არასრულწლოვანი, ამის გამო თავს შევიკავებ ინტერვიუსგან”, -გვითხრა მან.
რა პოზიცია აქვს თავად გარდაცვლილი ბიჭის, ლუკა აბულაძის ოჯახს, განაჩენის შემდეგ აქვთ თუ არა მათ საქმის ირგვლივ დარჩენილი პასუხგაუცემელი კითხვები, ეს დეტალები ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია.
წყარო: კვირის პალიტრა