4-04-2024
ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ჩვენ შევძელით და ეკონომიკური გუნდის ლიდერობით ხელისუფლებამ მოახერხა 245 ათასი ახლი სამუშაო ადგილის შექმნა მხოლოდ კერძო სექტორში, ჩვენმა მოქალაქეებმა რომ იცოდნენ და დაბნევა რომ არ სცადოს მათი რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელში ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებმა პირდაპირ უთხრეს ოპოზიციას და მთელს საზოგადოებას, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის.
„რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ეს თქვენთვის 2021 წელს საქართველოს ჰქონდა 10,5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, 2022 წელს ჰქონდა 10,4 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, 2023 წელს 7,5 პროცენტი, ხოლო 2024 წლის თებერვალში უკვე 9,5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა აქვს ქვეყანას. ეს ყველაფერი რაზე მიუთითებს? მიუთითებს იმაზე, რაც ბრიუსელში ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებმა პირდაპირ გითხრეს თქვენც და მთელს საზოგადოებას, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის, სწორი რეფორმებით და საქართველოს აქვს ხელშესახები პროგრესი. თქვენ რა თქმა უნდა ეს არ გიხარიათ, რადგან თქვენი კამპანია, თქვენი იმედებიც არჩევნებთან დაკავშირებით მთლიანად არის დაფუძნებული, რომ როგორმე ეკონომიკა ჩამოიშალოს, როგორმე საქართველომ ვერ მიაღწიოს წარმატებას, როგორმე დაიბლოკოს ჩვენი ევროპული მომავალი და ამაზე გაქვთ აწყობილი გეგმები, რაც არაერთხელ თქვენ თვითონ გაახმოვანეთ, მე რომ არ დაგაბრალოთ რამე“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, ბიუჯეტი 2011 წელს 7,4 მილიარდი ლარი იყო, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი არის 28,7 მილიარდი ლარი.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ჩვენ შევძელით და ეკონომიკური გუნდის ლიდერობით ხელისუფლებამ მოახერხა 245 ათასი ახლი სამუშაო ადგილის შექმნა მხოლოდ კერძო სექტორში ჩვენმა მოქალაქეებმა რომ იცოდნენ და დაბნევა რომ არ სცადოს მათი რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ. დღგ-ს დაბრუნების მექანიზმით სახელმწიფოს და მთავრობას მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში და ყოველი წლის განმავლობაში საშუალოდ 2,2 მილიარდი ლარი ავტომატურად აქვს დაბრუნებული კერძო სექტორისთვის, ბიზნესისთვის და იმ კომპანიებისთვის, ვინც ეკონომიკას და ახალ სამუშაო ადგილებს ემსახურება. ესეც ჩვენი ხელისუფლების მიღწევაა. რეინვესტირებულ მოგებაზე ნულოვანი დაბეგვრით 2017-2023 წლებში კერძი სექტორს 5, 28 მილიარდი დოლარი დარჩა თავის განკარგულებაში. ანუ, 5 მილიარდ დოლარზე მეტი, მხოლოდ ერთი რეფორმით ჩვენმა ხელისუფლებამ დაუტოვა კერძო სექტორს, ბიზნესის გაფართოებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.