8-10-2018
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო შპს „ზედაშე“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. სახელმწიფოს მხარდაჭერით, საწარმომ 550 000 აშშ დოლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა.
ახალი საწარმო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა რევაზ ასათიანმა, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის გუბერნატორთან, არჩილ ჯაფარიძესთან ერთად დაათვალიერა.
საწარმოში, სადაც წლიურად 60 ტონაზე მეტ ყურძენს გადაამუშავებენ, სეზონზე 65 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება.
სოფლის მეურნების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, რთველი 2018-ში საწარმო აქტიურადაა ჩართული და ყურძენს, როგორც საკუთარი ვენახებიდან, ისე ადგილობრივი მევენახეებისაგან იბარებს.
რაჭის რეგიონში წელს ალექსანდროულისა და მუჯურეთულის საუკეთესო და უხვი მოსავალია. 1080 ტონა ყურძენი უკვე დაკრეფილია და საწარმოებშია ჩაბარებული. მევენახეების შემოსავალმა, ამ ეტაპისთვის, 7,3 მლნ ლარს მიაღწია.
2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო ახალი საწარმოების შექმნის მიზნით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.
პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა, როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, უკვე 800-ზე მეტი მოქმედი და 180 ახალი საწარმო დაფინანსდა.