17-04-2024
საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე ბრალდებულს მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე წარედგინა ბრალდება, თუმცა გამოძიების მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით და ახალი გარემოებებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, სამტრედიაში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დაზარალებული მეუღლის ძმამ მოკლა. შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა მომხდარის შესახებ გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.
ასევე, გარდაცვლილის მეუღლემ ძმის მუქარის გამო, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ მკვლელობა თავად ჩაიდინა.
მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, დაკავებულს ახალი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე) წარედგინა.
გამოძიების პროცესში, ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ დამატებით ინფორმაცია მიაწოდა, რის გამოც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.