23-04-2024
„როცა პირველად დავიწყეთ საუბარი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა და სხვა არაფერი, ამაზე ძალიან დიდი წინააღმდეგობა იყო არასამთავრობო სექტორისა და მაშინდელი ოპოზიციის მხრიდან. ისინი ამბობენ, რომ ეს არის ჰომოფობია, ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და თითქოს კარგად არ იყო გამოყოფილი, რისთვის იყო საჭირო. გავიდა რამდენიმე წელი და ნათელი გახდა, რისთვის იყო ეს ჩანაწერი, რადგან გაიზარდა მსოფლიო მასშტაბით ზეწოლა ყველა ქვეყანაზე და, მათ შორის, საქართველოზეც, რომ მსგავსი ჩანაწერი არ არსებობდეს და დაკანონდეს ერთი სქესის ადამიანების ქორწინება. არის ქვეყნები, რომლებიც ამას აკანონებენ", - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის" თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვისას ამბროლაურში.
მისი თქმით, ძალიან ძლიერი კანონები მიიღო ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ - პოლონეთმა, უნგრეთმა.
სოზარ სუბარმა სახალხო დამცველის პოზიციაზე ყოფნის პერიოდი გაიხსენა და პარალელი გაავლო დღევანდელობასთან.
„რაც კლასიკური უფლებები იყო, უკანა პლანზე გადაინაცვლა, ხშირ შემთხვევაში ხდება მათი სრული იგნორირება. წინ წამოიწია მახინჯმა ფორმებმა, რასაც დღეს უწოდებენ ადამიანის უფლებებს და ეს არანაირი უფლებები არ არის. დაახლოებით, 10 მლნ ბავშვი არის მსოფლიოში, რომელიც იზრდება ოჯახებში, სადაც ორი მამა ან ორი დედაა. მეცნიერულადაა დადგენილი, რომ სამჯერ მაღალია ასეთ ბავშვებში მენტალური პრობლემები, ემოციური გადახრები, აშლილობის სხვადასხვა ფორმები. ბავშვის უფლებები ხომ ირღვევა, მაგრამ, ამავდროულად, ირღვევა გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ფუნდამენტია დემოკრატიის: საკმარისია ასეთ ოჯახში გაზრდილმა ბავშვმა ისაუბროს, რა გადახდა მას ბავშვობაში, როგორ იზრდებოდა, რა სიძნელეების გადალახვა უხდებოდა, რომ მაშინვე იკეტება ყველანაირი საინფორმაციო საშუალება მისთვის", - განაცხადა სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ მსოფლიო დღეს ლგბტ დიქტატურამდე მიდის.
მისივე შეფასებით, ანტიღირებულებების ძალით დანერგვა და მათი ღირებულებებად თავს მოხვევა და წარმოჩენა ხდება.
„ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა" , - აღნიშნა სოზარ სუბარმა.