26-04-2024
ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება ევროკომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ცდილობენ, ჩაუფინონ ნეგატიური ფონი და დააშინონ ქართული საზოგადოება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ჩალის ფასი აქვს ამ რეზოლუციას, ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც მთავარია სიმართლე.
„რაც შეეხება რეზოლუციას, ეს პროცესი არის იმ ყველაფრის გამეორება, რაც ხდებოდა 2022 წელს. მაშინ იცოდნენ კონკრეტულმა ძალებმა, მათ შორის, ამ ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა, რომ 2022 წლის ივნისში ქვეყანა ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ისინი ქმნიდნენ ნეგატიურ ფონს საზოგადოებაში, აშინებდნენ, აშანტაჟებდნენ ქართულ საზოგადოებას. მაშინ მიიღეს სამი სხვადასხვა რეზოლუცია, საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც საუბარი იყო მათ შორის, დამნაშავეების გათავისუფლებაზე, დამნაშავეებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე და საუბარი იყო იქაც ბიძინა ივანიშვილის დასჯაზე.
ეს იყო ერთგვარი მოსამზადებელი ფონი იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიღების შემდეგ საქართველოში მომხდარიყო რევოლუცია. თუმცა, თქვენ გახსოვთ, რომ ფარატინა ქაღალდებად დარჩა ეს რეზოლუციები. ხალხზე მუქარამ არ გაჭრა მაშინ, ქვეყანამ საბოლოო ჯამში, მართალია არა იმ წლის ივნისში, მაგრამ მომდევნო წელს მიეღო კანდიდატის სტატუსი. ყველაფერი არის მარტივი დეჟა ვიუ, ამ ყველაფრის გამეორება.
აქაც, როგორც ჩანს, ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება მაგალითად კომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ჩაუფინონ ნეგატიური ფონი დააშინონ ქართული საზოგადოება. როგორც მაშინ ჰქონდა ამ რეზოლუციას ჩალის ფასი, ახლაც აქვს ჩალის ფასი. უფრო მეტიც - ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს ამ რეზოლუციას, ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც მთავარია სიმართლე.
მთავარი მიზანია ისევ და ისევ იმ პროცესების ხელშეწყობა, რომელიც ჩაუვარდათ 2022 წელს. ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს, უფრო სწორად მათ უფროსებს ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი - რომ რამენაირად ხელოვნურად გამოიწვიონ მღელვარება ქართულ საზოგადოებაში, იმისათვის, რომ მოახერხონ ხელოვნურად ხელისუფლების შეცვლა. ამ ქვეყანაში არსებობს ხელისუფლება, რომელსაც აქვს სახალხო ლეგიტიმაცია. გარდა იმისა, რომ ჩვენ მივიღეთ თავის დროზე არჩევნებში სახალხო ლეგიტიმაცია, დღეს 60%-ს აჭარბებს საზოგადოებაში ჩვენი ნდობა. შესაბამისად, ამას უნდა შეეგუოს ყველა.
მათ შორის, ეს ოდიოზური ევროპარლამენტარები უნდა შეეგუონ ამას და როგორც 2022 წელს ვერ მოახერხეს ტყუილებით, მანიპულაციით საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევა, ასევე ვერ მოახერხებენ ამას ვერც ამ შემთხვევაში. როდესაც ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ ჩვენ, რომ არ ვიზრუნოთ ღირებულებების დაცვაზე, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვაზე, არ მივიღოთ კანონი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, როდესაც მოგვიწოდებენ, რომ არ მივიღოთ კანონი ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ, როდესაც ეს ყველაფერი ხდება, ამასთან ერთად, დამნაშავეებს გვიცხადებენ ისეთ ადამიანებად, რომლებზეც პირიქით, იქით უნდა ვიზრუნოთ და ჰუმანიტარული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, როდესაც გვეუბნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ქველმოქმედების მიღმა პოლიტიკური ნაბიჯები აქვს ისეთი გადადგმული, რომელმაც თვისებრივი გარდატეხა მოიტანა ამ ქვეყანას, ეს კაცი უნდა დაისაჯოს, ასეთ დროს ქართულ საზოგადოებას ისინი შეცდომაში ვერ შეიყვანენ. როგორც ვერ დააშანტაჟეს ამ ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა ქართველი ხალხი 2022 წელს, ვერ გაჭრის ეს შანტაჟი ვერც წელს", - განაცხადა პრემიერმა.