13-05-2024
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქ.თბილისის საქალაქო ცენტრის სოციალური მუშაკის, სალომე ჯიოშვილის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, უწყებას შიდა მოკვლევა ჯერ ისევ არ დაუსრულებია.
როგორც ჩვენი რესპონდენტი, არასრულწლოვანი ბავშვების მშობელი აცხადებს, სავარაუდოდ, ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული სსიპ-ი საქმის მოკვლევას სპეციალურად აჭიანურებს, რაც ზრდის ეჭვის საფძველს, რომ საქმე სისტემურ დანაშაულთან გვაქვს.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება არასრულწლოვნებზე შესაძლო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს, რომელიც, ჩვენი რესპონდენტის თქმით, სალომე ჯიოშვილმა დამალა.
გარდა ამისა, რესპონდენტის განცხადებითვე, ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნულ სსიპ-თან დაკავშირებით კიდევ ერთი სკანდალური მასალა გახდება მალე საზოგადოებისთვის ცნობილი. კონკრეტულად, აღნიშნული უწყების იურისტმა, მის მიერ შედგენილ ოქმში, არც მეტი, არც ნაკლები - ერთმანეთში ბავშვი და ძაღლი აურია(?!)
"როგორც ადრე თქვენ გამოცემასთან ვაცხადებდი, სოცმუშაკმა სალომე ჯიოშვილმა დამალა ისეთი ფაქტები, როგორიცაა ბავშვებზე მისი მშობლისა და უახლოესი წინაპრების მიერ სავარაუდო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. მე ქალბატონ ჯიოშვილს განვუცხადე, რომ გამაჩნდა შესაბამისი მტკიცებულებები, თუმცა მან არათუ არ გაითვალისწინა ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, არამედ პირიქით, დაინტერესებულ მხარედ მომევლინა და ისეთ სფეროებში შემოიჭრა, რაც მისი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. ამასთან, დაწერა დასკვნა, რომ ბავშვმა სიტყვიერად განუცხადა, რომ ჩემთან ცხოვრება უნდა, თვალებით კი სხვა რამე უთხრა(?!)
აღნიშნულთან დაკავშირებით მე არაერთხელ მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ს და დიდი დროის შემდეგ, როგორც იქნა დამიბარეს უწყების შიდა მონიტორინგის სამსახურში, სადაც გადავეცი შესაბამისი მტკიცებულებები, თუმცა უკვე თვეებია, შიდა მოკვლევის შესახებ დასკვნა არ დაუდევთ. მე რამდენჯერმე მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნულ სსიპ-ს წერილობით, რათა ეცნობებინათ, რა ეტაპზეა მოკვლევა, თუმცა პასუხები ზოგადია, რომ "მოკვლევა მიმდინარეობს და შედეგებს მაცნობებენ."
ეს უკვე თვეებია გრძელდება. საქმე კი ორ არასრულწლოვანს ეხება, რომელთაგან ერთ-ერთის მიმართ დიდი ალბათობით დღემდე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა.
ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნულ სსიპ-ს ამ საკითხთან დაკავშირებითაც მივმართე, თუმცა პასუხი ისევ ზოგადი იყო, რომ "მიმდინარეობს საკითხის შესწავლა."
ყოველივე ეს მიმტკიცებს ეჭვს, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან და ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქ.თბილისის საქალაქო ცენტრი სპეციალურად წელავს მოკვლევის პროცესს რათა დანაშაული დამალოს.
გარდა ამისა, აღნიშნული უწყების იურისტმა, ნათია სვანიძემ, რომელიც მოსული იყო სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილების მონიტორინგის განსახორციელებლად, მის მიერ შედგენილ ოქმში ერთმანეთში ბავშვი და ძაღლი აურია და როდესაც შესწორების მიზნით ვუთხარი რომ საუბარი იყო არა ბავშვის, არამედ ძაღლის შესახებ, მყისიერად გადახაზა ოქმში ბავშვის სახელი და ზედ ძაღლი გადააწერა"- აცხადებს მშობელი ჩვენთან საუბარში.
მისივე თქმით, სოცმუშაკ სალომე ჯიოშვილის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის შესახებ მან აგრეთვე მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ცენტრალურ დეპარტამენტს, რომელმაც განცხადება შსს თბილისის სამმართველოს ისანი-სამგორის რაიონის მე-5 განყოფილებას გადაუგზავნა, თუმცა, როგორც ჩვენი რესპონდენტი აცხადებს, მისი ინფორმაციით, თვეების განმავლობაში საქმეზე გამოძიებაც კი არ არის დაწყებული და მას გამოკითხვის, ან მტკიცებულებების გადაცემის მიზნით არავინ დაკავშირებია.
საინფორმაციო პორტალი region.ge აღნიშნულ საკითხზე ვრცელ მასალას და მტკიცებულებებს უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.