13-05-2024
„მერამდენედ უნდა გამოაყენებინოთ თავი ამ პარაზიტებს? - ამ პროცესებში ყველაზე მეტ სინანულს, ის გზააბნეული ახალგაზრდები იწვევენ, რომლებიც მალე გამოფხიზლდებიან“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი შეფასებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რუსთაველის გამზირზე მყოფ აქციის მონაწილეებს, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებენ, პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებენ.
„მორჩა კინო თუ ტიტრებსაც ველოდებით? სანამ აქტივისტებს ღამე გაათენებინეს, აყვირეს და წვიმაში გაყინეს, თვითონ თბილად ეძინათ ოპოზიციის ლიდერებს და ერთი არ დასწრებია კომიტეტის სხდომას, რომ ფორმალურად მაინც შეეშალათ ხელი…
მერამდენედ უნდა გამოაყენებინოთ თავი ამ პარაზიტებს? რით ვერ მიხვდით, რომ მთელი ეს ფარსი და დადგმა მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერას ემსახურება და არანაირი კავშირი გულწრფელ პროტესტთან არ აქვს?! ( რანაირად ექნება, როდესაც არც არის ბუნებრივი?).
სად არის გაბრაზებული ბუღაძე და აღშფოთებული რატი, მუზა ესტუმრათ და არ სცალიათ თქვენთვის?! ამ პროცესებში ყველაზე მეტ სინანულს, ის გზააბნეული ახალგაზრდები იწვევენ, რომლებიც მალე გამოფხიზლდებიან და სამწუხაროდ, სრულ ფრუსტრაციას განიცდიან, რადგან აღმოაჩენენ თუ რა ფარსში მიაღებინეს მონაწილეობა! “ფინიტა ლა კომედია!”, - წერს ზურაბ ქადაგიძე.