გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკონომიკის სამინისტროში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმა განიხილეს

15-05-2024

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ექსპერტებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაასრულეს. საავიაციო სფეროში მსოფლიოს წამყვანი საკონსულტაციო კომპანია IATA Consulting-ის მიერ მომზადებული დოკუმენტი ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს, რომელშიც პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების," სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და „საქაერონავიგაციის" ხელმძღვანელი პირები, ასევე ICAO-ს და IATA-ს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, – აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


მათივე ცნობით, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განვითარების გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში გამოკვლეული და შეფასებული იქნა მთელი რიგი ასპექტები, რომელზე დაყრდნობითაც შემუშავდა საბოლოო დოკუმენტი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის.


ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის საჭიროება მგზავრთნაკადის ზრდის დინამიკამ განაპირობა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ფიქსირდება ქუთაისის აეროპორტში. მინისტრის თქმით, გასულ წელს აეროპორტი რეკორდულ რაოდენობას - მილიონ შვიდასი ათასამდე მგზავრს მოემსახურა და ეს ნაკადი კიდევ უფრო გაიზრდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დასრულების შემდეგ.


საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ექსპერტებმა განმარტეს, რომ კვლევა და შეფასებები მოიცავს აეროპორტის ტერმინალის, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, ბაქანის, სამიმოსვლო ბილიკებისა და აეროპორტის სხვა ინფრასტრუქტურის ახლანდელ მდგომარეობას; მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი მგზავრთნაკადისა და საჰაერო ხომალდების მოძრაობის პროგნოზებს; აეროპორტის ტერმინალისა და აეროდრომის (მათ შორის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, სამიმოსვლო ბილიკები, ბაქანი) განვითარების შესაძლო სცენარების შემუშავებას და შეფასების საფუძველზე საუკეთესო ალტერნატიული ვარიანტის შერჩევას; VIP ტერმინალის, სატვირთო ტერმინალების, ტექნიკური მომსახურების საწარმოს განვითარების შესაძლო ლოკაციებს, ასევე აეროპორტის გარე ტერიტორიის განვითარების შესაძლებლობებს და ა.შ.


შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს გენერალური გეგმის ფარგლებში მომდევნო 5, 10 და 20-წლიან პერსპექტივაში აეროპორტის ტერმინალისა და სააეროდრომო ნაწილის განვითარებასა და იმ შესაძლებლობებზე, თუ რამდენ მგზავრზე იქნება გათვლილი აეროპორტი და პიკურ საათში რამდენი მგზავრის მომსახურებას შეძლებს.


გენერალური გეგმის მიხედვით, სააეროპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება დაყოფილია რამდენიმე ეტაპად, რომელიც ითვალისწინებს მგზავრთნაკადის წინასწარ განსაზღვრული ოდენობის მიღწევის შესაბამისად განვითარებას 20 წლიან პერიოდში, რაც საბოლოოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ წლიურად 5.1 მილიონი მგზავრისა და 30 000-მდე რეისის მომსახურების შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს. გენერალური გეგმის შესრულება წელსვე დაიწყება - 2024 წლის ზაფხულში ქუთაისის აეროპორტში დაგეგმილია ახალი, 3.5 კილომეტრის სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, შესაბამისი სამიმოსვლო ბილიკებისა და ბაქანის მშენებლობა, რაც აეროპორტს საშუალებას მისცემს, მოემსახუროს ნებისმიერი ტიპის როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო საჰაერო ხომალდებს.