15-10-2018
ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ,,მაჩხომერის ციხის"" ტერიტორიაზე ძველ ბერძნულ წარწერიანი ქვის ფილები აღმოაჩინეს. ამის შესახებ რადი "ათინათს" მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენელმა გოგიტა ჩიტაია უთხრა.
მისვე თქმით, ფილები ხობის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების დროს ნახეს და ის შესწავლის მიზნით თბილისშია გადაგზავნილი. ჩიტაია ამბობს, რომ წარწერები ადრებიზანტიური ხანით, V-VI საუკუნეებით თარიღდება და ის შესაძლოა რელიგიური შინაარსის იყოს.
"მას ახლა ბერძნული ენის სპეციალისტები სწავლობენ. ძალიან საინტერესოა, თუ რა წერია ზედ. შეიძლება ეს რელიგიური ხასიათის წარწერა იყოს. ეტყობა აქ წირვა-ლოცვა ბერძნულად მიმდინარეობდა", - თქვა ჩიტაიამ.
ხობის მერიაში მიიჩნევენ, რომ შესაძლოა ამ ტექსტებმა მნიშვნელოვანი სიახლე შეიტანოს ჩვენი ქვეყნის ადრექრისტიანული ხანის ისტორიაში.