15-10-2018
2012 წელს ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ყოფილი სამხედრო ბაზების ტერიტორიაზე, ბინა უსასყიდლოდ მიიღო. ენმ–ში აცხადებენ, რომ ასე „ოცნებამ“ თავმჯდომარე მოისყიდა. მარანგოზიანი კი ამბობს, რომ მან ბინა ენმ–ს ხელისუფლების სათავეში ყოფნის დროს მიიღო და ამასთან „ოცნება“ კავშირში არაა.
ენმ ახალქალაქში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შესაძლო მოსყიდვაზე საუბრობს
პოლიტიკური პლათფორმა „ახალი საქართველოს“ გამგეობის წევრი თეონა ჭალიძე აცხადებს, რომ ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ჰასმიკ მარანგოზიანს 2012 წლის არჩევნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ბინა აჩუქა, სანაცვლოდ კი „ოცნება“ მისგან ყოველ არჩევნებზე სასურველი შედეგის მიღებას ითხოვს. ოპოზიციური გაერთიანების წევრი არ გამორიცხავს, რომ მარანგოზიანი საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასაც შეეცდება.
„საჯარო რეესტრში ნანახი დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ბინის გადაცემის საფუძველი არის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, რომელიც გამოიცა 2012 წლის 26 ოქტმობერს და საკუთრების მოწმობა უკვე 2012 წლის დეკემბერში. ქალბატონი სოციალურად დაუცველი არ არის, ასევ მისი განსაკუთრებული ღვაწლის შესახებაც არაფერია ცნობილი. ამიტომ გამოვითხოვეთ საკრებულოდან მონაცემები. სამწუხაროდ, საკრებულომ მოგვწერა, რომ ეს დოკუმენტები მათთან აღარ არის“, – ამბობს თეონა ჭალიძე.
მისივე თქმით, დოკუმენტები 2013 წელს საკრებულოდან პროკურატურამ წაიღო და მომხდარზე ძიება დაიწყო, ამ დრომდე კი შედეგი ცნობილი არაა: „ექვსი წელი გავიდა და აქამდე არ უნდა გამოეძიებინათ?! საფუძვლიანი ეჭვია, რომ პროკურატურაში მარანგოზიანის წინააღმდეგ არსებობს კომპრომატები. სწორედ ამ დოკუმენტების საშუალებით ახდენს „ოცნება“ მასზე გავლენას და ამ ზეგავლენის ქვეშ ატარებს მარანგოზიანი ყველა არჩევნებს მუნიციპალიტეტში“.
ახალქალაქის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ჰასმიკ მარანგოზიანი ადასტურებს რომ მან ბინა, ყოფილი სამხედრო ბაზების ტერიტორიაზე, უსასყიდლოდ ნამდვილად მიიღო, თუმცა მისი თქმით, ეს საკითხი „ქართულ ოცნებასთან“ კავშირში არაა: „არ მქონდა ბინა და ამიტომ შევიტანე განცხადება საკრებულოში, რაც დამიკმაყოფილეს. ბინა მივიღე 2012 წლის არჩვენებამდე, მაშინ როცა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო“.
რაც შეეხება, ბინის გადაცემის საკითხზე პროკურატურის დაინტერესებას, მარანგოზიანი ამბობს, რომ სამართალდამცველებს ძიება მის საკითხზე არ დაუწყიათ: „მას შემდეგ რაც ახალქალაქის ბაზები რუსებმა დატოვეს, ძალიან ბევრ ადამიანს გადაეცა ბინები. ეს ყველაფერი კანონიერად და დოკუმენტებით მოხდა. თუმცა ერთ–ერთმა მოქალაქემ, რომელსაც ბინა არ შეხვდა იჩივლა და ამის შემდეგ დაინტერესდა პროკურატურა“.
2012 წლის არჩევნებამდე, ახალქლაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნაირი ირიციანი იყო. ამჟამად იგი ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეა. ირიციანი ამბობს, რომ მარანგოზიანმა ბინა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების სათავეში ყოფნის დროს მიიღო: „მაშინ ყოფილი ბაზების ტერიტორიაზე ბინების გადაცემის მოთხოვნით ბევრი განცხადება დაიწერა, განვიხილეთ და ვისაც ბინები არ ჰქონდა გადავეცით, მათ შორის იყო მარანგოზიანიც. მერე პროკურატურამ საქმეზე ძიება დაიწყო და აბსოლუტურად ყველა დოკუმენტი წაიღო. მაშინ კონკრეტულად რა მიზეზით შემოვიდა პროკურატურა გამგეობაში არ მახსოვს“.
ოპოზიციური პარტიის ბრალდებაზე ინფორმაცია არ აქვს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერს იური უნანიანს. თუმცა, იმ პერიოდში, როცა პროკურატურა ახალქალაქის გამგეობაში შევიდა, უნანიანი ახალქალაქში პროკურორი იყო.
„მოქალაქეების მხირდან ბევრი განცხადება იყო ბინების გადაცემის თაობაზე პროკურატურაში შემოსული, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დაგვეწყო ძიება. რა მუხლით ვიძიებდით ამ საქმეს არ მახსოვს. თუმცა, მახსოვს, რომ ეს სამოქალაქო დავები იყო და სისხლის სამართლის ნიშნებს არ შეიცავდა. ამის გამო მალევე შეჩერდა გამოძიება“, – გვითხრა უნანიანმა.
ეხებოდა თუ არა დაწყებული ძიება მარანგოზიანისთვის ბინის გადაცემის საკითხს, რა მუხლით მიმდინარეობდა ძიება და გამოიკვეთა თუ არა დანაშაულებრივი ნიშნები, ამ შეკითხვებზე პასუხს საქართველოს მთავარი პროკურატურიდან დილიდან ველოდებით.