31-05-2024
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის მეფუტკრეობის მიმართულების სპეციალისტებმა გურიაში გამართულ დედა ფუტკრის ინტრუმენტალური ინსემინაციის თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა.
ტრენინგს გერმანიიდან მოწვეული, ევროკავშირის მკვლევარი, იაკობ ვეგენერი ხელმძღვანელობდა, რომელმაც მონაწილეებს ფუტკრის ხელოვნურად განაყოფიერების პროცესი უჩვენა. აღნიშნული საქართველოში პირველად განხორციელდა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში დაინერგება.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში პირველად დედა ფუტკრების ხელოვნური განაყოფიერება წარმატებით განხორციელდა. დედა ფუტკრების ინსტრუმენტული განაყოფიერების შესწავლით საშუალება მოგვეცემა, შევინარჩუნოთ უნიკალური თვისებების მქონე ქართული ფუტკრის პოპულაციების გენოფონდი, შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე გვექნება შესაძლებლობა ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის დედა ფუტკრები. არსებული მიდგომების დანერგვით კი, ხელს შევუწყობთ ქართული ფუტკრის პოპულაციების გავრცელებას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“, - აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეფუტკრეობის მიმართულების უფროსმა სპეციალისტმა ნანა მაისურაძემ.
სწავლება, რომელიც 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ფრენკ ბენტონის სახელობის მეფუტკრეობის საერთაშორისო ასოციაციის და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ხელშწყობით გაიმართა.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის ბაზაზე, რომელიც 2017 წლიდან ფუნქციონირებს, ქართული მთის რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაციების შენარჩუნების და გავრცელების სამუშაოების გარდა, მეგრული პოპულაციის ნარევი ფუტკრისგან გაწმენდა მიმდინარეობს. მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე ინსტრუმენტალური მიდგომების დანერგვა ხელს შეუწყობს სანაშენო საქმიანობის სრულყოფილ წარმართვას.