გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

უწყება რომელსაც ბავშვების ბედი აბარია და სადაც ბავშვსა და ძაღლს ერთმანეთისგან ვერ არჩევენ - რა ხდება ჯანდაცვის სამინისტროში

9-06-2024

რა ხდება ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ  სახელმწიფო ზრუნვისა  და ტრეფიკინგის  მსხვერპლთა,  დაზარალებულთა დახმარების  სააგენტოში, როგორ "ეხმარებიან" დაზარალებულ ბავშვებს, როგორ ხუჭავენ თვალს ბავშვთა მიმართ ძალადობაზე, როგორ ერევათ ერთმანეთში ბავშვები და ძაღლები და როგორ "იცავენ" ბავშვების საუკეთესო ინტერესებს, ამას ჩვენი რესპონდენტის ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც, მიმდინარე საქმის საჭიროებიდან გამომდინარე, მოცემულ ეტაპზე ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს:


- ამჟამად განქორწინების პროცესში ვიმყოფები. რა პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი მანამ ჩემს მიმართ, სანამ ჩემი ყოფილი ცოლი სასამართლოში სარჩელს შეიტანდა და ჩემ შეძენილ ფართებსა და ჩემი ბიზნესების წილებს მოითხოვდა ცალკე საკითხია, მაგრამ აქ უმთავრესი ორი შვილია, რომელიც მასთან თანაცხოვრების დროს შემეძინა.


ამასთან, მოსალოდნელი პროვოკაციებისგან თავის არიდების მიზნით, მე პრაქტიკულად სამი წელია ჩემი სახლიდან წამოსული ვარ.


უფროსი გოგო უკვე თითქმის ერთი წელია ჩემთან ცხოვრობს და კატეგორიული წინააღმდეგია დედამისთან თუნდაც ერთი დღით წავიდეს.


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ჯინორიას დროებითი განჩინების თანახმად, ჩემ ყოფილ ცოლს უფლება მიეცა, რომ ბავშვი, რომელიც ჩემთან ცხოვრობს კვირაში ორი დღით თავისთან წაიყვანოს, ხოლო რაც შეეხება უმცროს შვილს, ის პრაქტიკულად ძალადობრივი მეთოდებით დედასთან ცხოვრობს და შეზღუდული აქვს ჩემთან სატელეფონო კომუნიკაციაც კი. თუმცა, მანამ უმცროსიც ჩემთან ცხოვრობდა და დედასთან წასვლაზე ისიც კატეგორიულ უარს აცხადებდა.


- უცნაურია, ანუ ბავშვები დედასთან ცხოვრებაზე უარს აცხადებენ?


- კი, ნამდვილად და ამას თავისი მიზეზები აქვს, რაზეც ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ. მოკლედ, გასული წლის შემოდგომაზე საქმეში ჩაერთო ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ  სახელმწიფო ზრუნვისა  და ტრეფიკინგის  მსხვერპლთა,  დაზარალებულთა დახმარების  სააგენტოს ქ.თბილისის საქალაქო ცენტრის სოცმუშაკი სალომე ჯიოშვილი, რომელიც შეხვდა როგორც ჩემ უმცროს შვილს, რომელიც მაშინ ბიოლოგიურ დედასთან ცხოვრობდა, აგრეთვე უფროს გოგოს, რომელიც, როგორც მოგახსენეთ, უკვე დაახლოებით წელიწადია ჩემთან ცხოვრობს.


როდესაც სოცმუშაკი სალომე ჯიოშვილი მოვიდა ჩემ ამჟამინდელ საცხოვრებელ მისამართზე, მე ის გავაფრთხილე, რომ ჩვენი საუბარი იწერებოდა და შესაბამისად, მას მტკიცებულებითი ძალა ექნებოდა.


მიუხედავად ამისა, სალომე ჯიოშვილმა პრაქტიკულად დასკვნა გააყალბა...


- გაყალბებაში რას გულისხმობთ?


- სალომე ჯიოშვილმა გვერდი აუარა ჩემ მიერ მიწოდებულ ისეთ ინფორმაციებს, როგორიცაა ბავშვებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ჩემი ყოფილი ცოლისა და მისი მშობლების მხრიდან, აგრეთვე ანტისანიტარიული პირობები, სადაც ჩემ შვილებს დედამისი აცხოვრებდა.


ესაა მცირე ჩამონათვალი იმ ფაქტებისა, რომლებიც მე სალომე ჯიოშვილს მივაწოდე და ვუთხარი, რომ ესაბაისი მტკიცებულებებიც მქონდა...

მიუხედავად ამისა, ჯიოშვილი ჩემთან პრაქტიკულად კამათში შემოვიდა და ჩემი ყოფილი ცოლის საქციელის გამართლება დაიწყო. (მაგალითად, როგორ აიძულებდა ჩემი ყოფილი ცოლი ბავშვს, რომ ჩემთვის ფული მოეპარა და მისთვის მიეცა)


სამაგიეროდ, "კვალიფიციურად" დამისაბუთა ისეთი საკითხები, რომელიც მის კომპეტენციაში არ შედიოდა, მაგალითად, ჩემი ყოფილი ცოლის ტელეფონის ტექნიკური მდგომარეობა...


- ეს რაშუაია?


- ეს ტელეფონი პროვოცირების ერთ-ერთი იარაღი იყო, თუმცა ამას ჩვენი ინტერვიუს თემასთან, ისევე როგორც ჯიოშვილის კომპეტენციის ფარგლებთან, კავშირი არ აქვს.


აგრეთვე, დაწერა იმ სახლის მდგომარეობის შესახებ რომელიც არ დაუთვალიერებია, დასკვნაში კი წერია, რომ "კოსმეტიკურ რემონტს საჭიროებს ".


გარდა ამისა, ინტერესდებოდა რა მტკიცებულებები მქონდა სასამართლოში წარდგენილი ქონებრივ დავასთან დაკავშირებით, რაც მისი კომპეტენცია არანაირად არაა...


- ბავშვს თუ გაესაუბრა?


- დიახ, ბავშვს გაესაუბრა, თუმცა ამ საუბრის ჩაწერა არ განმიხორციელებია, რადგან თავადვე მთხოვა, რომ არასრულწლოვანთან გასაუბრების ჩაწერა მიზანშეწონილი არ იქნებაო და მეც დავემორჩილე. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბავშვმა მას დაუდასტურა ჩემ მიერ მიწოდებული ინფორმაცია და განუცხადა, რომ დედასთან ცხოვრების წინააღმდეგი იყო...


მიუხედავად ამისა, სოცმუშაკმა სალომე ჯიოშვილმა დაწერა დასკვნა, რომელიც, ამამად ვიტყვი, რომ ბავშვის უფლებების უგულვებელყოფის, არაკომპეტენტურობის და მინიმუმ სამსახურებრივი გულგრილობის კლასიკური ნიმუშია. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ საქმე ორგანიზებულ დანაშაულან გვქონდეს, რაც აუცილებლად გაირკვევა.


- მაინც რა დასკვნა დაწერა ასეთი...


- მოკლედ, დასკვნააბსოლუტურადაა იგნორირებული ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტები, ბავშვის სისტემატიური ცემის, მასზე ფსიქოლოგიური ძალადობის და ა.შ. შესახებ ინფორმაციები და უფრო მეტიც, დასკვნაწერია, რომ მართალია ბავშვმა სიტყვიერად მითხრა მამასთან ცხოვრება მინდაო, მაგრამ არავერბალურად (თვალებით) მითხრა, რომ დედასთან ცხოვრება მინდაო.


გარდა ამისა, ჩემი უმცროსი შვილი დასკვნაში მოხსენიებული ჰყავს სხვადასხვა სახელებით, რაც სავარაუდოდ იმითაა განპირობებული, რომ სალომე ჯიოშვილმა სხვა ბავშვზე შედგენილი დასკვნა აიღო, იქ სახელები შეცვალა და სასამართლოს წარუდგინა... და რაც ყველაზე მთავარია, მზა დასკვნაც კი არ წაუკითხავს გულდასმით, რომ სახელები ყველგან შეეცვალა...


- თქვენ რა მოიმოქმედეთ საპასუხოდ...


- ყველაფერი აქედან დაიწყო... სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული სსიპ-ი არის კლასიკური ნიმუში, როგორი შეიძლება იყოს არაკომპეტენტურობის და სამსახურებრივი გულგრილობის პიკი. თან, ეს არის სამსახური, რომელიც ბავშვების მომავალს წყვეტს!!!


აღნიშნული დასკვნის გაცნობის შემდეგ მე მივმართე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, ვინაიდან სახეზე გვქონდა ფაქტების აშკარა გაყალბება, რაც დასკვნაში აისახა. საგამოძიებო სამსახურმა გასული წლის სექტემბერში წერილით მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს  სსიპ  სახელმწიფო ზრუნვისა  და ტრეფიკინგის  მსხვერპლთა,  დაზარალებულთა დახმარების  სააგენტოს ქ.თბილისის საქალაქო ცენტრს, რათა აღნიშნული საქმე შეესწავლათ.


მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნულ სსიპ-თვეების განმავლობაში ამ კუთხით არაფერი გაუკეთებია. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, როგორც დაინტერესებული მხარისთვის არაფერი უცნობებიათ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქმე ბავშვების ბედს ეხებოდა.


თვეების შემდეგ მე რამდენჯერმე მივმართე წერილობით ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ  სახელმწიფო ზრუნვისა  და ტრეფიკინგის  მსხვერპლთა,  დაზარალებულთა დახმარების  სააგენტოს ქ.თბილისის საქალაქო ცენტრს... აღნიშნულის შესახებ დაიწერა პრესაშიც, რის შემდეგაც მაღირსეს და მოცემული საქმის შესწავლა დაიწყეს. მე შევხვდი უწყების შიდა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს, გადავეცი ჩემ ხელთ არსებული მტკიცებულებების ნაწილი, თუმცა ჩემთვის საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში, უცნობი იყო მოკვლევის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია.


ამასთან დაკავშირებით, მე ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული სსიპ-ის ხელმძღვანელს განცხადებითაც მივმართე, რათა ეცნობებინათ რა სამუშაოები ჩატარდა კონკრეტულ ქეისთან დაკავშირებით.


მოგვიანებით, მიმდინარე წლის 24 მაისს მე უწყების შიდა მონიტორინგის სამსახურისგან მივიღე წერილი, სადაც დადასტურებულია "დისციპლინარული გადაცდომის" ფაქტები არა მხოლოდ სალომე ჯიოშვილის, არამედ მისი განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლისა და თქვენ წარმოიდგინეთ, ამავე სსიპ-ის თბილისის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდნაც(!!!)


ციტატა წერილიდან: "ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის მხარდაჭერის, სასამართლო/სამოქალაქო დავებისა და აღსრულების განყოფილების სოციალური მუშაკის, ამავე განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის და ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ დადასტურდა შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინარული გადაცდომის ფაქტი"!!!


ანუ, გამოდის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნულ სსიპ-ში ადგილი აქვს "დისციპლინარული გადაცდომის" ვერტიკალს, რაც დასაჯერებლად სასაცილოა, ვინაიდან როდესაც საქმე მსგავს ვერტიკალს ეხება, უმრავლეს შემთხვევაში ადგილი აქვს არა სისტემურ გადაცდომას, არამედ სისტემურ დანაშაულს.


კიდევ ერთხელ მოვუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს, შეისწავლოს აღნიშნული საქმის შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულებრივი მხარე. მე კი ნამდვილად არ ვაპირებ ეს "დისციპლინარული გადაცდომის ფაქტის" საკენკით მოვიტყუო თავი.


ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული სსიპ-იდან მაცნობეს, რომ სოცმუშაკი სალომე ჯიოშვილი ჩემ საქმეს ჩამოაშორეს და სხვა სოციალური მუშაკი ჩართეს. ანუ, გამოდის, რომ სალომე ჯიოშვილი საქმეს მხოლოდ ჩამოაშორეს(?!) ხოლო მისი განყოფილებისა და თბილისის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლები კვლავ ჩემ საქმეს განაგებენ?


გარდა ამისა, შესაძლოა გაიზარდოს აღნიშნულ საქმეში სისტემურ "დისციპლინარულ გადაცდომაში" ფიგურანტ პირთა რიცხვი და მათ ამავე უწყების იურისტი ნათია სვანაძე და ფსიქოლოგი ნინო სამხარაძე დაემატოს, თუმცა, ფსიქოლოგთან დაკავშირებოთ ამ ეტაპზე საუბრისგან თავს შევიკავებ.


- თქვენ ინტერვიუმდე საუბარშიახსენეთ ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული სსიპ-ის იურისტი...


- ეს ცალკე ფენომენია... როგორც მოგახსენეთ, მოსამართლემ გამოიტანა დროებითი განჩინება, რომ კვირაში ორი დღე, ბიოლოგიურ დედას შეეძლო ჩემი უფროსი შვილი წაეყვანა.


განჩინებით, მე დამევალა, რომ შაბათ დღეს 10:00 საათზე ბავშვი გამეყვანა ჩემი ამჟამინდელი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სადაც მისი ბიოლოგიური დედა მოვიდოდა წასაყვანად.


რამდენჯერაც ბავშვის ბიოლოგიური დედა მოვიდა ბავშვის წასაყვანად, ბაშვმა უარი განაცხადა მასთან წასვლაზე, რის შემდეგაც ჩემი ყოფილი ცოლი ხშირ შემთხვევაში პოლიციას მიმართავდა. არსებობს საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის მიერ ედგენილი შესაბამისი რეაგირების ოქმები, სადაც დაფიქსირებულია, რომ ბავშვი მის ბიოლოგიურ დედასთან თუნდაც ორი დღით წასვლაზეც კი კატეგორიულ უარს აცხადებდა. დაახლოებით ორი თვის განმავლობაში, ბავშვი ყოველ შაბათ დღეს პოლიციის განყოფილებაში ან საპატრულო ეკიპაჟის მანქანაში ატარებდა, რაც რა თქმა უნდა მასში სტრესს იწვევდა და დღესაც, ყოველ შაბათს მეკითხება, ისევ პოლიციაში მოგვიწევს წასვლაო?


მოგვიანებით საქმეში ჩაერთი ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული სსიპ-ის ქალაქ თბილისის საქალაქო ცენტრის  ნათია სვანიძე.


აღნიშნული პიროვნება რამდენჯერმე იყო მოსული ჩემს ამჟამინდელ საცხოვრებელ სახლთან (მათ შორის ორჯერ ფსიქოლოგის თანდასწრებით) და ახორციელებდა მონიტორინგს, როგორ ვასრულებდი მოსამართლის განჩინებას. მე, განჩინების თანახმად, კონკრეტულ დროს გამომყავდა ბავშვი შესაბამისი ნივთებით, თუმცა, ბავშვი კვლავ უარს აცხადებდა ბიოლოგიურ დედასთან წასვლაზე და ამასთან დაკავშირებით იურისტი ნათია სვანიძე შესაბამის ოქმებს ადგენდა.


თუმცა, ის რაც მან ერთ-ერთი ვიზიტის დროს გააკეთა, არათუ არაკომპეტენტურობის პიკია, არამედ სადისერტაციო ემაა, როგორი არ უნდა იყოს იურისტი, მითუმეტეს იურისტი, რომელსაც ბავშვების ბედთან აქვს შეხება და მათ მომავალზე გავლენის მოხდენა შეუძლია...


- ასეთი რა ჩაიდინა?


- იურისტი ნათია სვანიძე განჩინების აღსრულების დროს ახორციელებდა საუბრის მონიტორინგს, რაც შემდგომ ოქმში შეჰქონდა.


ერთ-ერთი საუბრის დროს, ჩემი უფროსი შვილი ბიოლოგიურ დედას ესაუბრებოდა ჩვენი ძაღლის შესახებ, ხოლო იურისტმა ნათია სვანიძემ ეს ოქმში შეიტანა ისე, რომ თითქოსდა ჩემი უფროსი შვილი მისი ძმის შესახებ საუბრობდა. ანუ ბავშვი და ძაღლი ერთმანეთში აურია და ვერ გაარჩია. ეს ოქმში შეიტანა და როდესაც ოქმზე ხელმოწერის დროს მივუთითე, რომ საუბარი შეეხებოდა არა ჩემს უმცროს შვილს, არამედ ძაღლს, თითქოს არაფერი,ბავშვის სახელი გადახაზა და ზემოდან ძაღლი გადააწერა(?!)


- ხუმრობთ?


- არსებობს შესაბამისი ოქმი და ნაბისმიერ დროს შემიძლია გავასაჯაროვო. ამასთან, მე ოქმზე ხელმოწერის წინ შენიშვნაში დავწერე, რომ იურისტმა ბავშვი და ძაღლი ერთმანეთში აურია.


სამაგიეროდ, ნათია სვანიძეს ოქმში "გამორჩა" ფრაზა, როდესაც ბავშვმა ბიოლოგიურ დედას შეახსენა რომ ის "თმებით ათრევდა"...


მოკლედ, სავარაუდოდ განაწყენებულმა ან წინასწარ დავალებით მოსულმა ნათია სვანიძემ ბოლო ვიზიტის დროს 500 ლარიანი ჯარიმა გამომიწერა, რომ თითქოსდა მე სასამართლოს განჩინებას არ ვასრულებ.


სვანიძის თქმით, "უკვე ორი თვეა" დადის ჩემთან და ბავშვი ისევ უარს აცხადებს დედასთან წასვლაზე. მისივე თქმით, "არსებობს პოზიტიური მშობლის როლი", რომელსაც მე არ ვასრულებ.


ანუ, გამოდის, რომ მე უნდა ვაიძულო ბავშვი წავიდეს ბიოლოგიურ დედასთან, სადაც ის წლების განმავლობაში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო? დედის გარდა ბავშვი უზარმაზარ სტრესს განიცდიდა დედამისის მშობლების მხრიდანაც და ამის შესახებ ნათია სვანიძე ინფორმირებულია შესაბამისი მტკიცებულებებით.


ან რა ვქნა, ბავშვი ძალით გადმოვიყვანო მანქანიდან და ძალით ჩავუსვა დედამისს მანქანაში?


და რაც ყველაზე მთავარია, როდესაც იურისტი ნათია სვანიძე მანქანიდან გადმოვიდა, მას ხელში უკვე ეჭირა ჯარიმის ქვითრის ბლანკი. იქნებ ბავშვი მიჰყვებოდა დედას, რატომ მოვიდა გამზადებული ჯარიმის ბლანკით?


ვფიქრობ ამის მიზეზი არის ის, რომ მე ვამხილე და კიდევ ვამხელ ჯანდაცვის სამინისტროს აღნინულ სსიპ-ში არსებულ განუკითხაობას, არაკომპეტენტურობას, სამსახურებრივ გულგრილობას და იმას, რა დამოკიდებულება აქვთ, როცა საქმე ბავშვების მომავალს ეხება.

წარმოიდგინეთ, ბავშვების მომავალი უნდა განსაზღვროს ადამიანმა, რომელიც ბავშვსა და ძაღლს ერთმანეთისგან ვერ არჩევს!!!


და გამოდის, რომ მე, რომელთანაც დაახლოებით ერთი წელის უფროსი შვილი ცხოვრობს, ვალდებული ვარ ბავშვი ძალით ჩავუსვა მანქანაში ბიოლოგიურ დედას, რომელიც ბავშვზე ძალადობდა?


კიდევ ერთი დეტალი, საქართველოს პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება ბავშვების ბიოლოგიური დედის მიერ ფიზიკური ძალადობის შესახებ არასრულწლოვნების მიმართ, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბავშვის მიმართ ჯგუფური (დედისა და მისი მშობლების მიერ) შესაძლო ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ.


უფრო მეტიც, ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული სსიპ-ის კონკრეტული თანამშრომლების და პირველ რიგში სალომე ჯიოშვილის მიერ სავარაუდოდ ჩადენილია სისხლის სამართლის მინიმუმ ერთი დანაშაული, როდესაც ცნობილი გახდა ფაქტი ბავშვის მიმართ შესაძლო ფიზიკური ძალადობის ესახებ და მათ ეს არ აცნობესაბამის ორგანოებს, რისი ვალდებულებაც ჰქონდათ და უფრო მეტიც, არათუ არ აცნობა, ფაქტი საკუთარ დასკვნაშიც კი დამალა.


ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნულ სსიპ-ს ჰქვია "სახელმწიფო ზრუნვისა  და ტრეფიკინგის  მსხვერპლთა,  დაზარალებულთა დახმარების  სააგენტო" და თუ სახელმწიფოს ზრუნვა და დახმარება ისაა, რომ ბავშვი, მისი ნების წინააღმდეგ  გაწიროს იმ სივრცეში მოსახვედრად, სადაც ის რამდენიმე ადამიანის მიერ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდიდა, პირდაპირ გვითხრან...


- ახლა რას აპირებთ?


- რა თქმა უნდა უკანონობასთან ბოლომდე ვიბრძოლებ და როგორც ზემოთ გითხარით ბოლომდე ვამხელ ჯანდაცვის სამინისტროს  სსიპ  სახელმწიფო ზრუნვისა  და ტრეფიკინგის  მსხვერპლთა,  დაზარალებულთა დახმარების  სააგენტოში არსებულ "ბარდაკს". მე საბედნიეროდ, მაქვს რესურსი, რომ სამართლებრივად ბოლომდე ვიბრძოლო, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის ბავშვები იყვნენ მაქსიმალურად დაცულნი არაკომპეტენტურობისა და გულგრილობისაგან, ვისი მშობლებიც სამართლებრივი ბრძოლის რესურსს შესაძლოა, მოკლებულნი იყვნენ.


p.s. პორტალი region.ge, მათი სურვილის შემთხვევაში, მზადაა ჯანდაცვის სამინისტროს  სსიპ  სახელმწიფო ზრუნვისა  და ტრეფიკინგის  მსხვერპლთა,  დაზარალებულთა დახმარების  სააგენტოს ქ.თბილისის საქალაქო ცენტრის წარმომადგენლებს მისცეს საშუალება, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ ჩვენი მედიაპლატფორმის საშუალებით.


p.p.s. პორტალი region.ge, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში გეგმავს დაუკავშირდეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ქ-ნ წაქაძეს, რომლის პოზიციასაც საზოგადოებას ოპერატიულად შევთავაზებთ.

 

ქეთა ქობალია