11-06-2024
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტმა ხარისხის მენეჯმენტის სისტემის აუდიტი წარმატებით გაიარა. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა, რომლებიც საქართველოში 2024 წლის მაისში იმყოფებოდნენ, დეპარტამენტის საქმიანობა შეისწავლეს.
შედეგად, დასრულდა სერტიფიცირების პროცესი ევროპული სტანდარტის ენ ისო 9001:2015 „ხარისხის მენეჯმენტის სისტემები - მოთხოვნები" შესაბამისად და 2024 წლის 5 ივნისს სტანდარტების დეპარტამენტმა შესაბამისობის სერტიფიკატი მიიღო.
აღნიშნული შეფასება წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ევროპულ ორგანიზაციებში (CEN-CENELEC) სრული წევრობის კუთხით. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ჰარმონიზაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესი - კერძოდ, ევროპული სტანდარტების 70%-ზე მეტი მიღებულია საქართველოს სტანდარტებად.
აღსანიშნავია, რომ სტანდარტების დეპარტამენტის ხარისხის მენეჯმენტის სფერო სრულად მოიცავს დეპარტამენტის საქმიანობას, რომელიც ეხება სტანდარტების, აგრეთვე სტანდარტიზაციის სხვა დოკუმენტების შემუშავებას, მიღებასა და შესაბამისი მომსახურებების მიწოდებას ბიზნეს სექტორისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.
სტანდარტების დეპარტამენტის აუდიტი ევროკავშირის დაძმობილების (TWINNING) პროექტის "საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTM) გაძლიერება საერთაშორისო/ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად" მხარდაჭერით ჩატარდა.
სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო 2023 წლის იანვრიდან სტანდარტიზაციის ევროპულ ორგანიზაციებში აფილირებული წევრის სტატუსითაა წარმოდგენილი.