გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი აითაჯ შახმიროვას განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

3-07-2024

თელავის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მომხდარი არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, –ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, ბრალდებულმა 14 წლის აითაჯ შახმიროვას ქორწინების იძულების მიზნით უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა გაქცევა მოახერხა, თუმცა გოგონას ოჯახის წევრებმა იგი უკან დააბრუნეს.


6 ოქტომბერს, ბრალდებულმა, თვლიდა, რა რომ დაზარალებულმა გაქცევით შეურაცხყოფა მიაყენა და როგორც ქალს არ ჰქონდა საკუთარი პირადი ცხოვრების განკარგვის და მასთან ქორწინებაზე უარის თქმის უფლება, 14 წლის არასრულწლოვანს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად აითაჯ შახმიროვა ადგილზე გარდაიცვალა.


დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით), 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო.


რაც შეეხება 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-3 ნაწილს (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ), სასამართლომ ქმედება 140-ე მუხლის პირველ ნაწილზე (სრულწლოვნის სექსუალური კავშირი16 წლის ასაკს მიუღწეველთან) გადააკვალიფიცირა და საბოლოოდ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 14 წლის აითაჯ შახმიროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, არასრულწლოვნის დედა და ბიძა რუსთავის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მათ შორის დედას 3 წლით, ხოლო ბიძას - 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდება წარდგენლი აქვთ აითაჯ შახმიროვას განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულის ბიძას და ბიძაშვილს და საქმე არსებითად იხილება თელავის რაიონულ სასამართლოში.