გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გენადი არველაძემ ენერგეტიკული გაერთიანების არაფორმალურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

3-07-2024

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ენერგეტიკული გაერთიანების არაფორმალურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. თავის გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს სწრაფვაზე ევროპულ სტრუქტურებში და აღნიშნა, რომ 2017 წლის შემდეგ, რაც საქართველო ენერგეტიკულ გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი გახდა, მკაფიოდ დაადასტურა ვალდებულება, მოახდინოს ეროვნული ენერგეტიკული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის დირექტივებთან და რეგულაციებთან.


მინისტერიალი ენერგეტიკული გაერთიანების 2024 წლის პრეზიდენტ ქვეყანაში, ბოსნია - ჰერცეგოვინაში, ქალაქ ბანია ლუკაში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნებისა და ევროკომისიის, ასევე, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის უნგრეთის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა. საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული რეფორმების დეპარტამენტის უფროსი ანა გოგოლაძე.


გენადი არველაძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, კერძოდ, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის მიმართულებით. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1 ივლისიდან საქართველოში ელექტროენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდა, რაც ელექტრონერგიის ბაზრის სამიზნე მოდელისკენ მიმავალი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.


მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ენერგეტიკული ბაზრის სრულად ამოქმედების შემდეგ, ჩამოყალიბდება ელექტროენერგიის საათობრივი ფასი, დაინერგება ევროპული მოდელი, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული მდგრადობისა და ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე ინტეგრაციისთვის. მან მადლობა გადაუხადა ენერგეტიკულ გაერთიანებას ენერგოსექტორის რეფორმირების საკითხში გაწეული დახმარებისთვის.

თავის გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებზე, მათ შორის, ხაზი გაუსვა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის სტრატეგიულ და რეგიონალურ მნიშვნელობას. მისი თქმით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი პირდაპირ დაგვაკავშირებს ევროკავშირის ენერგეტიკულ ქსელთან, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს დაახლოებას და კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას. მისი თქმით, კაბელი არა მხოლოდ გააძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ სტიმულს მისცემს საქართველოში ახალი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებასა და მწვანე ენერგიის ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში, ხელს შეუწყობს დარგის მდგრად განვითარებას, სექტორში ტექნოლოგიების და ინვესტიციების მოზიდვას.


მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა გადამცემი სისტემის ოპერატორების გამიჯვნის პროცესზე. მისი თქმით, ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც დაადასტურებს აღნიშნული საკითხის დარეგულირებას.

გენადი არველაძე ასევე შეეხო ასოცირების შეთანხმებითა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხს ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით. მან ყურადღება გაამახვილა კანონებზე „ენერგოეფექტურობისა" და „შენობების ენერგოეფექტურობის" შესახებ და აღნიშნა, რომ 2020 წლამდე ენერგოეფექტურობის საკითხები კანონმდებლობით არ რეგულირდებოდა.


გენადი არველაძემ ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოს მთავრობის მიერ დეკარბონიზაციის მიმართულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე.


არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში, გენადი არველაძემ შეხვედრა გამართა ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორ არტურ ლორკოვსკისთან.