გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გივი მიქანაძე: გვინდა წარმოგიდგინოთ კვლევის შედეგები 474 ორგანიზაციასთან მიმართებით, რომელიც აპროტესტებდა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებას და ამბობდნენ, რომ ისინი არიან გამჭვირვალე

15-07-2024

დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ შედეგები, 474 ორგანიზაციასთან მიმართებით, რომელიც აპროტესტებდა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მიქანაძემ წარმოადგინა 7 კომპონენტიანი საბაზისო კვლევის ანგარიში, რომელიც ეხება არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების გამჭვირვალობის საკითხს.


„რამდენი ორგანიზაცია ფლობს ოფიციალურ ვებგვერდს? - ჩვენ ვხედავთ, რომ 474 ორგანიზაციიდან 241 ორგანიზაციას, ანუ 51%-ს ვებგვერდი არ გააჩნია. ვებგვერდი დღეს არის კომუნიკაციის აპრობირებული საშუალება, ეს არის მთავარი საკომუნიკაციო კომპონენტი და ასევე ორგანიზაციის ვიზუალიზაცია, იმიჯი და ა.შ დაკავშირებულია სწორედ ვებგვერდის გამოყენებასთან და ჩვენ ვხედავთ, რომ 51%-ს ვებგვერდი ელემენტარულად არ გააჩნია და შესაბამისად, გამჭვირვალობის კომპონენტი ფიზიკურად ვერ იქნება დაცული და ინფორმაციის მოძიება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება.


შემდეგი კომპონენტი ეს არის - რამდენ ორგანიზაციას აქვს მითითებული ინფორმაცია დონორების შესახებ - ჩვენ ვხედავთ, რომ 62%-ს ანუ 474-დან 296 ორგანიზაციას არ აქვს მითითებული ინფორმაცია თუ რომელი დონორისგან მიიღო კონკრეტული დაფინანსება. მესამე კრიტერიუმი/კომპონენტი ეს არის: რამდენ ორგანიზაციას აქვს მითითებული პროექტების დასახელება - აქ იგულისხმება როგორც განხორციელებული, ასევე მიმდინარე პროექტები და ჩვენ ვხედავთ, რომ 68%-ს, 474-დან 320 ორგანიზაციას არ აქვს მითითებული პროექტების დასახელება.


კიდევ უფრო რთული მდგომარეობა გვაქვს, როდესაც გრანტების ოდენობას ეხება საკითხი. ხედავთ, რომ 89%-ს, 474 ორგანიზაციიდან 422 ორგანიზაციას არ აქვს მითითებული პროექტებთან დაკავშირებული საგრანტო მოცემულობები. შემდეგი კომპონენტი ეს არის, რამდენ ორგანიზაციას აქვს მითითებული პროექტის/გრანტის ხანგრძლივობა ანუ ვადა. ვხედავთ, რომ 378 ორგანიზაციას, ანუ 4%-ს, ყოველი ხუთიდან ოთხს არ აქვს ეს მითითებული.


გადავდივართ წლიურ ანგარიშებზე, რომელიც მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ჩვენ საზოგადოებას გვქონდეს წარმოდგენა წლის განმავლობაში ორგანიზაციამ რა გააკეთა, რა აქტივობები განახორციელა. ვხედავთ რომ 474 ორგანიზაციიდან 458 ორგანიზაციას წლიური ანგარიში არ აქვს გამოქვეყნებული და ეს არის 97% მთელი ამ ორგანიზაციების შემადგენლობისა.


ბოლო კომპონენტი: რამდენ ორგანიზაციას აქვს მითითებული ინფორმაცია გუნდის შესახებ, ანუ იმ ადამიანების შესახებ ვინც ორგანიზაციას წარმოადგენს და კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე არიან პასუხისმგებელი - აქაც ვხედავთ, რომ ძალიან მაღალი არის პროცენტული მაჩვენებელი იმ ორგანიზაციების, რომლებიც არ ასაჯაროებენ გუნდის წარმომადგენლობას და 70% - ეს არის 334 ორგანიზაცია 474-დან.


474 ორგანიზაციიდან მხოლოდ 8 ორგანიზაციას აქვს შვიდივე კომპონენტი დაცული. თუმცა აქაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მხოლოდ საბაზისო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ არის ორგანიზაცია, რა აქტივობებს ახორციელებს, ვისგან იღებს თანხებს და რა ოდენობის თანხებს.


შემდგომში უკვე ქვეაქტივობები თითოეული კომპონენტის მიხედვით და სიღრმისეული ანალიზი ჩვენ არ გაგვიკეთებია და ვხედავთ, რომ თუნდაც იმ საბაზისო დონეზე როგორი კატასტროფული მდგომარეობაა გამჭვირვალობის და საზოგადოების წინაშე ღიაობისა და ანგარიშგების კუთხით. ეს კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, გვარწმუნებს, რომ მიღებული კანონი აუცილებელი იყო ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ეს კანონი უზრუნველყოფს, რომ ის სექტორი, რომელიც ამ დრომდე არ იყო გამჭვირვალე, გახდეს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ღია და საზოგადოების ინფორმირება იყოს შესაძლებელი. აქვე საზოგადოებას შევახსენებ, რომ კანონი ჯერ ძალაში არ შესულა, დაახლოებით რამდენიმე კვირაში ეს კანონი ამოქმედდება და შემდგომში უკვე შევხედავთ პროცესები როგორ განვითარდება. თუმცა, ფაქტია, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც აქამდე ეწინააღმდეგებოდნენ ამ კანონის მიღებას და ამბობდნენ, რომ ისინი არიან ხელმისაწვდომი ინფორმაციის თვალსაზრისით და გამჭვირვალე, რეალურად, არ არიან არც გამჭვირვალე და არც ანგარიშგებას ახდენენ საზოგადოების წინაშე. მოცემული ინფორმაცია თქვენ შეგიძლიათ თითოეულ ორგანიზაციასთან დაკავშირებით გადაამოწმოთ „ქართული ოცნების“ პარტიულ „ფეისბუქ“ გვერდზე, სადაც 474-ვე ორგანიზაციასთან მიმართებით, მათი მითითებით, შვიდივე კომპონენტზე არის წარმოდგენილი ინფორმაცია“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.