25-07-2024
2023 წელს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ დაბა ბაკურიანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის 4 პროექტი განხორციელდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 5 მლნ. ლარი შეადგინა. შედეგად, დაბა ბაკურიანის 10 800-მდე ბენეფიციარი უკვე სარგებლობს 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით.
„მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, კურორტის მდგრადი განვითარების და ტურისტების მზარდი ნაკადის პარალელურად, აუცილებელია წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაცია.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაბა ბაკურიანში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების 3 პროექტს ახორციელებს.
ისტორიაში პირველად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაბა ბაკურიანის სრულ არეალს მოიცავს და წყალმომარაგებისა და წყალარინების ახალ ქსელებს აშენებს, რომელთა ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ 15 000- მდე ბენეფიციარი უწყვეტი, თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებითა და სრულიად ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
აღნიშნული პროექტების ფარგლებში, მნიშვნელოვნად გაიზრდება წყლის დებიტი, მოეწყობა რეზერვუარები, სატუმბი სადგურები და აღრიცხვის კვანძები. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება და აშენდება ყველა ობიექტი რომელიც ხელს შეუწყობს კურორტის განვითარებას. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 150 მლნ. ლარი მოხმარდება
ისტორიული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე თევდორაძე, მოადგილე აკაკი მშვიდობაძე, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესო ამირანაშვილი და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ.
დაბა ბაკურიანში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2026 წელს იგეგმება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია უახლოეს მომავალში კურორტზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას გეგმავს, რომელიც ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას” –აცხადებენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.