7-11-2017
ცნობილი ქართელი მოკრივე გიორგი კანდელაკი სპორტ კაფეს სახელს უცვლის და ,,იოსებს" არქმევს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მშენებარე ობიექტის საინფორმაციო დაფაზე წარწერა ,,Joseph" დააფიქსირა. ახალ კვების ობიექტს ინგლისურად საბჭოთა ბელადის, სტალინის სახელი აწერია.
სპორტ კაფე 10 წელია ქალაქ გორის ცენტრში მდებარეობს. მიმდინარე წლის დასაწყისში მისმა ოფიციალურმა მეპატრონემ, რესტორნის წინ, დაახლოებით 80 კვ.მ ფართობი მიწის ნაკვეთის დამატებით შესყიდვა მოითხოვა. ქალაქის საკრებულომ ბიზნესის გაფართოების მიზნით, მეწარმეს მიწის შესყიდვაზე თანხმობა მისცა.
ამის შემდეგ, გიორგი კანდელაკმა, დაქირავებული სამშენებლო კომპანიის მეშვეობით, ძველი რესტორნის დანგრევა-გადაკეთება დაიწყო და ახალ ნაყიდ ტერიტორიაზე ბიზნესის გაფართოებას შეუდგა. ამჟამად, ის საქართველოში არ იმყოფება.
გიორგი კანდელაკი საბჭო ბელადს, გორში დაბადებულ იოსებ სტალინს ეთაყვანება და მის საპატივსაცემოდ რესტორნის პირველ სართულზე ,,სტალინის ოთახიც" მოაწყო.
ის არის აგრეთვე საზოგადოება ,,გორელის" წარმომადგენელი. ამ ორგანიზაციის წევრები დიდი ხანია, საბჭოთა დიქტატორის მშობლიურ ქალაქში, სტალინის ძეგლის აღდგენას ითხოვენ.
წყარო: საინფორმაციო ცენტრი "შიდა ქართლი"