30-07-2024
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად რეკრუტთა საწვრთნელი ასეულის სასწავლო პროცესს დაესწრო. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მომავალი სამხედროები საწყისი საბრძოლო მომზადების პროგრამის ფარგლებში ტაქტიკურ გადაადგილებაში, საცეცხლე მომზადებაში, ტოპოგრაფიასა და სხვა დისციპლინებში მზადდებიან.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საინფორმაციო ბრიფინგი მოისმინა, ქვედანაყოფის შესაძლებლობებს გაეცნო და ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მინისტრი პირად შემადგენლობას გაესაუბრა და ქვედანაყოფის განვითარების სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.
ახალქალაქის სამხედრო ნაწილში ირაკლი ჩიქოვანი „ჯარის ბანაკის“ მოსწავლეებსაც შეხვდა, რომლებიც მათზე მორგებული პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სამხედრო დისციპლინას სწავლობენ. დღეს „ჯარის ბანაკის“ მონაწილეებს მეცადინეობები პირველად სამედიცინო დახმარებასა და საინჟინრო მომზადებაში ჩაუტარდათ. დღესვე თავდაცვის მინისტრმა „ჯარის ბანაკის“ ბავშვებთან ერთად ისადილა და მათგან პირადად მოისმინა ბანაკში მიღებული შთაბეჭდილებები.