8-08-2024
2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. ლანჩხუთში, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი.
აგარაკის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სულთა მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა.
შემდეგ კი მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ და სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ ომში დაღუპული გმირების: ემზარ წილოსანის, რუსლან წულაძის, ვასილ სმირნოვისა და გიორგი ლომაძის საფლავები გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს.
,,16 წლის წინ, რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად დავკარგეთ ადამიანები, დავკარგეთ ტერიტორიები... დღეს პატივი მივაგეთ ომში დაღუპული ჩვენი გმირი ბიჭების ხსოვნას. მათ სახელებს დავიწყება არ უწერია. მშვიდობიან, ერთიან საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ!"- აღნიშნა ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.
მუნიციპალიტეტმა ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს პირად ანგარიშზე ფულადი თანხა 500- 500 ლარი დაურიცხა.