გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

შალვა პაპუაშვილი: ამ რთულ ჟამს, ჩვენი ხალხის სიბრძნით ზურგ გამაგრებულები მტკიცედ დავდექით და არ დავუშვით ქვეყნის საომარ ველად გადაქცევა

22-08-2024

„ამ რთულ ჟამს, ჩვენი ხალხის სიბრძნით ზურგ გამაგრებულები მტკიცედ დავდექით და არ დავუშვით ქვეყნის საომარ ველად გადაქცევა,” - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, მცხეთაში სიტყვით გამოსვლისას.


პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ,,ქართული ოცნების” მიზნებიცა და ამოცანებიც მათ საარჩევნო მოწოდებაშია გაცხადებული - მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ.


ჩვენ ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას, რაც ნიშნავს, ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დროს, საქართველოს მოქალაქეებისთვის კიდევ ერთხელ, ნათლად და მკაფიოდ „ქართული ოცნების“ მიზნებისა და ამოცანების გაცნობას. ჩვენი მიზნებიცა და ამოცანებიც ჩვენს საარჩევნო მოწოდებაშია გაცხადებული: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ.


ნიშანდობლივია, რომ ჩვენი მსვლელობა ქართველ ხალხთან ერთად მცხეთიდან იწყება. ეს არის ადგილი, სადაც ერთიანდება ჩვენი სულიერი, ისტორიული და კულტურული თვითმყოფადობა; ადგილი, სადაც თავს იყრის საქართველოს უძველესი და ახალი ქრისტიანული ეპოქა; ყოველი ქართველისთვის საკრალური და წმინდა ადგილი; საქართველოს ერთიანობის, ძლიერებისა და მარადიულობის ნიშანსვეტი.


ეს მხარე კავკასიის კარია, საქართველოს ჩრდილოეთის კარიბჭის ღირსეული მცველი, სვეტიცხოვლის, გერგეტის სამების და ლაშარის ჯვრის მადლით განმტკიცებული. სწორედ ამიტომაც არის ბევრი ბრძოლის, ბევრი გამარჯვების მომსწრე და მონაწილე მცხეთა, ერწო-თიანეთი, ფშავი, ხევსურეთი, მთიულეთი, ხევი, გუდამაყარი, ქსნისხევი, საქართველოს ისტორიის ნამდვილი მემატიანე. ისტორიულმა ქარტეხილებმა საქართველოს ბევრი იარა დაუტოვა. დაკორტნა და დაგლიჯა ჩვენი სამშობლოს სხეული. ამიტომ არის „ქართული ოცნების“ უმთავრესი ამოცანა ჯერ კიდევ ცოცხალი იარების მოშუშება და ჩვენს ოს და აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად ერთიანი, ძლიერი, ტრადიციების პატივისმცემელი, ღირსეული ქვეყნის შენება. ამ სანუკვარ მიზანს განუხრელად სჭირდება მშვიდობის შენარჩუნება, ვინაიდან ამ ომს მხოლოდ მშვიდობით მოვიგებთ. ამ ადგილმა ყველაზე კარგად იცის, თუ რამდენად რთულ და საფრთხეებით სავსე რეგიონში ვცხოვრობთ. თუმცა, ზუსტად ამ მდებარეობამ გამობრძმედა და ჩვენი ხალხის გენეტიკურ მეხსიერებაში ჩაბეჭდა ქარტეხილებთან ბრძნულად გამკლავების უნარი. დღესაც, ისტორია მეორდება. დღესაც გვიწევს, რომ მტკიცედ, თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ დავიცვათ საქართველოს, ჩვენი ხალხის ინტერესები. და ეს მაშინ, როდესაც ცეცხლის ალში გაეხვია ლამის ნახევარი სამყარო. ეს მაშინ, როდესაც უსამშობლო ძალები ცეცხლზე ნავთს ასხამენ, და სარგებლის მიღების მიზნით საკუთარი ხელით არყევენ საკუთარ ქვეყანას.


ამ რთულ ჟამს, ჩვენი ხალხის სიბრძნით ზურგგამაგრებულები მტკიცედ დავდექით, ერთგული დავრჩით ჩვენი ქვეყნის ინტერესების და არ დავუშვით ქვეყნის საომარ ველად გადაქცევა. თუმცა, საფრთხეები არსად გამქრალა. ამიტომ, ამ არჩევნებზე ხმას ვაძლევთ არა მხოლოდ ამ ქვეყნის ხელისუფლებას, არამედ საქართველოს მშვიდობიან მომავლის ხედვას,” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.