გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბიძინა ივანიშვილი: „ქართული ოცნების“ ამოცანაა, მოვიპოვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება, რაც საქართველოს არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან ეროვნულ ამოცანებსაც წარმატებით გადაჭრის

22-08-2024

„სიმბოლურია, რომ რეგიონებში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრებს ვიწყებთ მცხეთაში, საქართველოს ისტორიულ დედაქალაქში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მცხეთაში, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, მცხეთა და მცხეთა-მთიანეთის თითოეული კუთხე არის საქართველოს განსაკუთრებული საუნჯე, რომელიც ქართულ სულსა და გულს, საქართველოს ღირსებას, თავისუფლებასა და თვითმყოფადობას, უნიკალურ ქართულ კულტურას განსაკუთრებული სიმტკიცით იცავდა და იცავს.

„მოგესალმებით მცხეთელებო, დუშელებო, თიანელებო, მოხევეებო, ფშაველებო, ხევსურებო, გუდამაყრელებო, მოგესალმებით ცხინვალის რეგიონიდან დევნილებს, მოგესალმებით ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საქართველოს ამ ულამაზეს მხარეს - მცხეთა-მთიანეთს წარმოადგენთ.


სიმბოლურია, რომ რეგიონებში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრებს ვიწყებთ მცხეთაში, საქართველოს ისტორიულ დედაქალაქში: მცხეთიდან გააერთიანა ფარნავაზმა ჩვენი ქვეყანა და შექმნა პირველი გაერთიანებული ქართული სახელმწიფო;  მცხეთაში ინახება უფლის კვართი; მცხეთაში აიგო პირველი ქართული ქრისტიანული ტაძარი, მცხეთაშია წამომართული საქართველოს დედა-ტაძარი - სვეტიცხოველი, მცხეთაში გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად, რამაც საქართველოს ქრისტიანულ და ევროპულ იდენტობას მტკიცე საფუძველი შეუქმნა, მცხეთაში განისვენებენ დიდი ქართველი პატრიარქები და მეფეები. აქ განისვენებენ პირველი ქართველი ქრისტიანი მეფე-დედოფალი - ნანა და მირიანი, აქ განისვენებს ერეკლე მეორე, რომლის სიბრძნემაც საქართველოს ევროპული და ქრისტიანული იდენტობა შეუნარჩუნა, როგორც ლადო ასათიანი ამბობდა, სვეტიცხოვლის ტაძარში ასვენია საქართველოს ცხელი გული, რომლის ძგერა არასოდეს შეწყდება.


ქართული გული და ქართული სული უკვდავია. სწორედ ეს გული და სულია ის, რამაც ჩვენს სამშობლოს ურთულეს სივრცეში 3 ათასწლეულის მანძილზე თავისუფლება და თვითმყოფადობა შეუნარჩუნა. მცხეთა და მცხეთა-მთიანეთის თითოეული კუთხე არის ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული საუნჯე, რომელიც ქართულ სულსა და გულს, საქართველოს ღირსებას, თავისუფლებასა და თვითმყოფადობას, უნიკალურ ქართულ კულტურას განსაკუთრებული სიმტკიცითა და რუდუნებით იცავდა და იცავს. ეს არის 300 არაგველის სამშობლო, რომელიც არასდროს არავის დაუხრის თავს და ყველაფერზე მაღლა ყოველთვის ღირსებას, სამშობლოს სიყვარულს და ქრისტიანულ ფასეულობებს დააყენებს,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


მისივე თქმით, დღეს საქართველო არანაკლებ რთული გამოწვევების წინაშე დგას, ვინაიდან, მშვიდობის, ღირსების, სუვერენიტეტის, ქრისტიანული ფასეულობებისა და ქვეყნის ნათელი მომავლის დაცვა ახლაც მუდმივ სიფხიზლეს საჭიროებს.


„დღეს საქართველო არანაკლებ რთული გამოწვევების წინაშე დგას, ვიდრე გასული 3 ათასწლეულის მანძილზე. მშვიდობის, ღირსების, სუვერენიტეტის, ქრისტიანული ფასეულობებისა და ქვეყნის ნათელი მომავლის დაცვა ახლაც მუდმივ სიფხიზლეს საჭიროებს. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, ამ თვალსაზრისით, საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება.


როგორც არაერთგზის ითქვა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეებს უწევთ არჩევანის გაკეთება ომსა და მშვიდობას შორის, მონობასა და თავისუფლებას შორის, მორალურ დაცემასა და ქრისტიანულ ფასეულობებს შორის, ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ, ევროპულ მომავალს შორის.


ამ არჩევნებზე, ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო დიდი ამოცანა, ვიდრე ეს მხოლოდ მისი მოგება შეიძლება იყოს. „ქართული ოცნების“ ამოცანაა, მოვიპოვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება, რაც საქართველოს არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან ეროვნულ ამოცანებსაც წარმატებით გადაჭრის.” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.