25-08-2024
განვლილმა წლებმა გამოაჩინა, რომ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში განვითარების კიდევ ძალიან დიდი შესაძლებლობაა, უკვე განხორციელებულმა საქმემ კი დაგვანახა, რომ ხალხის, სახელმწიფოსა და კერძო ინტერესების სწორი ურთიერთქმედების შემთხვევაში, ისეთი შედეგების მიღწევა სრულიად რეალურია, როდესაც ხალხიც, ხელისუფლებაც და ინვესტორიც კმაყოფილია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე.
მისი თქმით, მომდევნო 4 წლის მანძილზე „ქართული ოცნება“ გააგრძელებს დაწყებულ საქმეს და ადგილობრივების კეთილდღეობაზე, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მეტი ინვესტიციის მოზიდვასა და კიდევ უფრო მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე იზრუნებს.
„მომდევნო 4 წლის მანძილზე ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ დაწყებულ საქმეს. შევქმნით ყველა პირობას, რომ ადგილობრივებმა მაქსიმალურად აითვისონ ამ უნიკალურ მხარეში არსებული პოტენციალი. მოვიზიდავთ კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას და განვახორციელებთ კიდევ უფრო დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამისთვის, უმნიშვნელოვანესია, 26 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“, თქვენთან ერთად, კიდევ ერთხელ დაამარცხოს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, შესაბამისად, გაანეიტრალოს მათგან და მათი პატრონებისგან მომდინარე საფრთხეები“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.