გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ახალციხეში (სრულად)

8-09-2024

„ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ახალციხეში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.


„მოგესალმებით ჩემო თანამემამულენო! მივესალმები ახალციხეს, ბორჯომს, ადიგენს, ასპინძას, ახალქალაქს და ნინოწმინდას!


მივესალმები სამცხე-ჯავახეთში, საქართველოს ამ გასაოცარ, განსაკუთრებული ისტორიის მქონე კუთხეში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს. მივესალმები ქართველებს, ეთნიკურ სომხებს, სხვა ეთნოსის წარმომადგენლებს. ადამიანებს, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში ტოლერანტობის, პატრიოტიზმის, ურთიერთპატივისცემის, ერთად დგომის, შრომის და თანაცხოვრების უნიკალური გამოცდილება შექმნეს და ყველას დაანახეს, რომ განსხვავების მიუხედავად, ამ ქვეყნის შვილები ჭირსა თუ ლხინში მუდამ ერთად ვდგავართ!


ამ კუთხის მნიშვნელობასა და სილამაზეზე დიდხანს შეიძლება საუბარი, მით უფრო, რომ მთელ მსოფლიოში იშვიათად თუ მოიძებნება ისეთი გარემო, როგორც აქაა, სადაც ერთმანეთთან საოცრად ჰარმონიულადაა შერწყმული ბუნება და ადამიანი.


ამ საოცარ მხარეში თითოეული კუთხე თავისი განსაკუთრებულობით გამოირჩევა, ყველა ერთად კი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საქართველოს სიმდიდრეა, მაგრამ ყველაზე და ყველაფერზე ფასეული სწორედ თქვენ ხართ, ვინც ამ ქალაქებსა და სოფლებს სიცოცხლით ავსებთ.


საკუთარი ქვეყნის წინაშე თქვენი მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა წლების განმავლობაში არაერთხელ დაგიმტკიცებიათ და ეს დაამტკიცეთ 2012 წელსაც, არა მარტო სამცხე-ჯავახეთისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდში, როდესაც გაბედეთ და ჩვენთან, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად დაუპირისპირდით „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს, რომელიც ჯერ კიდევ მყარად იდგა ფეხზე და ტოტალური ტერორით ებრძოდა საკუთარ ხალხს.


„ნაციონალური მოძრაობა“ ბედავდა და ტოლერანტობით განთქმულ ქვეყანაში, ეთნიკური, თუ რელიგიური ნიშნით უპირისპირებდა მოსახლეობას ერთმანეთს; არაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ერთი მხრივ, აქ მცხოვრებ მოსახლეობას ქართული ენის სრულფასოვნად შესწავლის შესაძლებლობა ჰქონოდა, რათა სახელმწიფოსთან ურთიერთობა გაადვილებოდა, მეორე მხრივ კი მათი მშობლიური ენა დაეცვა.

ეს ყველაფერი ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა - სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მოსახლეობის დიდ ნაწილს საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის საშუალება არ ჰქონოდა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა არ მიეღო.


ამ ყველაფრის მიუხედავად, დიდი გამბედაობა გამოიჩინეთ და თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლის, თუ უსაფრთხოების ფასად, გვენდეთ და „ქართულ ოცნებას“ დაუჭირეთ მხარი!


თქვენი გამბედაობის შედეგებს კი დღეს თავად იმკით - ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორც სამცხე-ჯავახეთის, ისე მთელი ქვეყნის სატკივარს მივხედეთ და ჩვენ ხალხთან ერთად, „ქართულმა ოცნებამ“, დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებული ქვეყნის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.


ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთმა ახალი სიცოცხლე შეიძინა; მოწესრიგდა და განვითარდა ინფრასტრუქტურა, რამაც ამ კუთხის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის ზრდას შეუწყო ხელი;


სოფლის მეურნეობის სფერო ვითარდება და თავისუფლად ახერხებთ მანამდე დაკეტილ ბაზრებზე საკუთარი პროდუქციის რეალიზებას;


ამასთანავე, მთელი რიგი შეღავათებითა და თქვენს ინტერესებზე მორგებული სახელმწიფო პროგრამებით, ვცდილობთ, მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი;


აბასთუმნისა და ბორჯომის უნიკალური ბუნება არათუ აღარ ნადგურდება, არამედ განსაკუთრებულადაა დაცული, რაც, ერთი მხრივ ეკოლოგიის დაცვის, მეორე მხრივ კი რეგიონში ჩადებული მნიშვნელოვანი ინვესტიციების ერთ-ერთი მთავარი საწინდარია;


და რაც მთავარია - თქვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა დღეს სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანია; პატიოსანი შრომა დაფასებულია და ოჯახებში გაზრდილია კეთილდღეობის ხარისხი; თქვენს შვილებს განათლებაზე თავისუფლად მიუწვდებათ ხელი და ამ მრავალეთნიკური კუთხის თითოეული მცხოვრები, მიუხედავად მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, თავისუფლად სარგებლობს ყველა იმ პრივილეგიით, რითაც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე.


უფრო კონკრეტულად - განახლებული რეგიონების ფარგლებში, რეგიონის ქალაქების რეაბილიტაციაზე 130 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, სრულად გამოცვალა ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდა და გალამაზდა ყველა ქალაქი.


2014 წლიდან დღემდე, რეგიონში, სადაც არ არსებობდა სასმელი წყალი, „ქართულმა ოცნებამ“ 350 მილიონი ლარის პროექტები განახორციელა.


ხელისუფლებამ 11 500 აბონენტს მისცა ბუნებრივ აირზე წვდომა, რეგიონის სრული გაზიფიცირება კი 2025 წელს დასრულდება.


2012 – 2024 წლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჯამურად აშენდა 5 ჰიდროელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით - 99 მეგავატი, გარდა ამისა, მშენებლობის ან კვლევების ეტაპზეა 18 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი - ჯამური დადგმული სიმძლავრით 112 მეგავატი. რაც მთავარია, ყველა ეს პროექტი განხორციელდა და ხორციელდება ისე, რომ მინიმალური ზიანიც არ მიადგეს უნიკალურ ეკო სისტემას.


ჩვენი ხელისუფლებისგან განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობენ ადგილობრივი მეწარმეები და მცირე ბიზნესი. ჩვენი ხელშეწყობით, რეგიონში სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებიდან დაიხარჯა 300 000 მილიონი ლარი, რაც სრულად მოხმარდა მეწარმეთა მხარდაჭერას. შედეგად, შექმნილია დამატებითი 4 000 სამუშაო ადგილი და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება.


განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტურიზმის განვითარებას. 2023 წელს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაფიქსირდა ნახევარი მილიონი ვიზიტორი, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი და რაც არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის და ტურისტული ადგილების მოწესრიგებამ, ასევე ახალი ტურისტული ობიექტების მშენებლობამ განაპირობა. დღეს, სამცხე-ჯავახეთი სრულად უწყობს ფეხს თანამედროვე ტურიზმის მოთხოვნებს.


ერთად დგომით, შევძელით და ავაშენეთ ქვეყანა, რომელშიც დაცულია ადამიანის ყველა უფლება, აზრისა და სიტყვის თავისუფლება, გვაქვს გაჯანსაღებული სასამართლო, მედია დამოუკიდებელია, ბიზნესი კი - ხელშეუხებელი, ქვეყანა, სადაც ხალხი თავისუფლად ცხოვრობს და აღარ აქვს პოლიტიკური დევნის შიში.


უფრო შორს აღარ წავალ, მაგრამ გეტყვით, რომ ამ წარმატებების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ გუნდი, შეჩერებას, რა თქმა უნდა, არ აპირებს. მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა ყველა თქვენგანმა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს.


ბუნებრივია, ყველა ის სიკეთე, რასაც 2012 წლის შემდეგ ერთად მივაღწიეთ კარგია და აღნიშვნას იმსახურებს, მაგრამ უმთავრესი გახლავთ ის, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, სადაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში პირველად, გვაქვს 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა, რაც განვითარების მთავარი საწინდარია, ეს კი წლების განმავლობაში თქვენ მიერ „ქართული ოცნებისათვის“ გამოცხადებული ნდობის შედეგია.


მშვიდობის მნიშვნელობაზე ბევრს არაფერს ვიტყვი; ამ ქვეყნის შვილებს არ გვესწავლება, რომ საუკუნეების განმავლობაში, სწორედ მშვიდობა იყო ჩვენთვის ასე სანატრელი რამ, რადგან კარგად ვიცოდით რა არის ომი და რა უბედურება ახლავს მას თან.


მიუხედავად ამისა, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, პოლიტიკური ძალები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ერთი სიტყვით - კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ომში არა უბედურებას, არამედ - შესაძლებლობას ხედავს, შესაძლებლობას იმისა, რომ უცხოელი პატრონების მხარდაჭერით, თუნდაც ომის, ანუ საკუთარი მოსახლეობის სისხლის ფასად, ხელისუფლებაში დაბრუნდეს.


ამ ხალხის ნაწილმა ჯერ 2008 წელს დაღუპა ქვეყანა, როცა შეგნებულად მოახდინა ომის პროვოცირება, შემდეგ კი, ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ საქართველო უკრაინაში დაწყებული სამხედრო კონფლიქტის მონაწილედ, მეორე ფრონტად აქციოს. ეს მათი უცხოელი პატრონების პირდაპირი დაკვეთაა, რაც იდეალურად ერგება კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურ, ვიწროპარტიულ ინტერესს - ნებისმიერ ფასად დაბრუნდეს ხელისუფლებაში.


საფრთხე რომ არსებობს, ამას ყველანი კარგად ვხედავთ, რადგან ხელის გულზე დევს ის რთული გეოპოლიტიკური ვითარება, რის წინაშეც ვდგავართ.


მშვიდობას დღეს განსაკუთრებით სჭირდება დაცვა, ისევე, როგორც დამოუკიდებლობას, რათა ერთი მხრივ, საქართველოს ომში ძალით ჩართვა ვერავინ - ვეღარასდროს შეძლოს, მეორე მხრივ კი შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და საქართველოს - ჩვენი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავდეს და არა უცხო ძალების მიერ კონტროლირებადი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რეჟიმი, რომელსაც წლების განმავლობაში ჰქონდა სახელმწიფო მიტაცებული.


ფაქტობრივად, დღეს ჩართულნი ვართ არა წინასაარჩევნო კამპანიაში, არამედ ბრძოლაში მშვიდობის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ჩვენი ტრადიციებისა და ფასეულობების დასაცავად, ამ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ასპარეზი კი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია.


26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობას, სამწუხაროდ, არ უწევს არჩევანი კარგსა და უკეთესს შორის; უსამშობლო, რადიკალური ოპოზიციის დამსახურებით, 26 ოქტომბერს არჩევანს ვაკეთებთ - ომსა და მშვიდობას, ფსევდო-ლიბერალურ ღირებულებებსა და ეროვნულობაზე, ოჯახზე, რწმენასა და დამოუკიდებლობაზე დაფუძნებულ ფასეულობებს შორის, არჩევანს ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ ევროპულ მომავალსა და იმ მიუღებელ მოცემულობას შორის, რაც რადიკალურ ოპოზიციას და უცხოელ აქტორებს ევროპულობად სურთ რომ გაასაღონ.


ამიტომ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის მსგავსად, 2024 წლის არჩევნებს და მასში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს.


როგორც წლების წინ, დღესაც, თქვენ წინაშე მდგომი, პირობას გაძლევთ, რომ თქვენი მხარდაჭერის შემდეგ, „ქართული ოცნება“, მშვიდობის, კეთილდღეობის და საქართველოს ღირსეული ევროპული მომავლის ერთადერთი გარანტი, ერთხელ და სამუდამოდ, არა მხოლოდ პოლიტიკურად დაასრულებს რადიკალურ ოპოზიციას, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს, არამედ, დღის წესრიგში დადგება „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხი.


ამას გარდა, გპირდებით, რომ არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვების პირობებში, საქართველოში სამუდამოდ დასრულდება უცხო ქვეყნებიდან ჩვენი ხალხისთვის ფსევდო-ლიბერალური ღირებულებების თავს მოხვევის ძალადობრივი მცდელობები, არავის მივცემთ უფლებას შეურაცხყოს ჩვენი რწმენა, კულტურა, ისტორია და ღირებულებები, რაზეც ვიზრდებოდით ჩვენ, იზრდებიან და მომავალშიც გაიზრდებიან ჩვენი შვილები.


მტკიცედ მწამს, რომ ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერით, არჩევნებზე დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება იმდენად დამაჯერებელი იყოს, რომ ვერავინ ვერასდროს გაბედოს იოტისოდენა ეჭვი მაინც შეიტანოს „ქართული ოცნებისადმი“ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაში, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ის პოლიტიკური ქაოსი, რომლის მოწყობასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ უცხოელ პარტნიორებთან ერთად მუდმივად ცდილობს.


როგორც ჩემს წინა გამოსვლებში, თქვენს წინაშეც მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, მე და ჩემს გუნდს გვექნება მზაობა, რომ საჭირო დროს და საჭირო მომენტში, ქვეყანა საკონსტიტუციო მოწყობის ისეთ მოდელზე გადავიყვანოთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ავიხდინოთ ჩვენი მრავალწლიანი ოცნება - საქართველო კვლავ ვიხილოთ ერთიანი და ძლიერი. გარდა ამისა, გამარჯვებისთანავე გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერების და დაცვის მიზნით.


ჩვენ ავსახავთ კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლს სწორედ იმ ფორმით, როგორსაც ის იმსახურებს. მართლმადიდებლური ქრისტიანობა კონსტიტუციით განმტკიცდება როგორც საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი!


თუმცა, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ საუკუნეებია, ჩვენ ვცხოვრობთ მრავალეთნიკურ ქვეყანაში, საქართველოში, სადაც ქართველებთან ერთად ასწლეულებია ცხოვრობენ, იბრძვიან, შრომობენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც იყვნენ, არიან და მომავალშიც იქნებიან ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი.


ამიტომაც, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გამოკვეთით, არცერთი რელიგიური კონფესიის მნიშვნელობა არ დაკნინდება; პირიქით, ჩვენი ქვეყანა სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხს ერთმანეთის რელიგიის უდიდესი პატივისცემა გვაქვს და ასე გაგრძელდება მომავალშიც - თითოეულ რელიგიური კონფესია ისევე იქნება დაცული, როგორც აქამდე, მათი თავისუფლების დაცვის გარანტი კი კვლავაც სახელმწიფო იქნება, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო თანაბრად ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე, განურჩევლად მისი ეროვნებისა და აღმსარებლობისა.


დაბოლოს, სამცხე-ჯავახეთში თქვენ წინაშე გამოსვლა შოთა რუსთაველის სიტყვებით მინდა დავასრულო. საუკუნეების წინ ამ კუთხის შვილმა, დიდმა ქართველმა მგოსანმა, დაწერა შეგონება, რომელიც დღესაც აქტუალური და საკრალურია - „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“... თქვენი ძალა და ენერგია, თქვენი შემართება მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 26 ოქტომბერს საქართველო ისევ გაიმარჯვებს ბოროტებაზე, რაც ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი მშვიდობის და სტაბილურობის მყარი საფუძველი იქნება.