26-10-2018
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ახალციხის საკრებულოს ყოფილი თანამშრომლების თეა ბაღდოშვილისა და ეკა ტატალაშვილის საქმეზე, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც საკრებულომ ორივე მათგანი სამსახურში უნდა დააბრუნოს და იძულებით განაცდურიც აუნაზღაუროს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ახალციხის საკრებულოს საჩივარი არ დააკმაყოფილა. მეორე ინსტანციის სასამართლომ საკრებულოს ყოფილი თანამშრომლების თეა ბაღდოშვილისა და ეკა ტატალაშვილის საქმე დღეს, 26 ოქტომბერს განიხილა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ძალაში დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც ბაღდოშვილისა და ტატალაშვილის სამსახურში დაბრუნებასა და მათთვის იძულებით განაცდურის ანაზღაურებას ითვალისწინებს. ორივე მათგანი სამსახურიდან თვითმმართველობების რეორგანიზაციის შემდეგ გაათავისუფლეს.
ახალციხის საკრებულოს ინტერესებს, სააპელაციო სასამართლოშიც დაქირავებული იურისტი პაატა კიკვიძე იცავდა. გაასაჩივრებს თუ არა უზენაესს სასამართლოში წარმომადგენლობითი ორგანო სააპელაციოს გადაწყვეტილებას ჯერ უცნობია.
„ჯერ არ ვიცით, ჩაგვბარდება გდაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი და შემდეგ ვიმსჯელებთ მაგაზე“, – განუცხადა „სამხრეთის კარიბჭეს“ სატელეფონო საუბარში ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის რეორგანიზაციის შემდეგ საკრებულოდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ეკა ტატალაშვილმა და თეა ბაღდოშვილმა, მათი გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნიეს. მათ საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს და საქმე მოიგეს.
ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში რამდენიმე წელიწადი მუშაობდნენ. ეკა ტატალაშვილი 2014 წლიდან, ახალციხის თემის საკრებულოში, კადრების და წერილების საკითხებში, უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. 2015 წლის იანვრიდან, ქალაქის საკრებულოში, საორგაიზაციო საკითხებში სპეციალისტი იყო თეა ბაღდოშვილი. რანგირების მიხედვით, ორივე მათგანს მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის წოდება ჰქონდა. თემისა და ქალაქის გაერთიანებისა და მუნიციპალიტეტების რეორგანიზაციის შემდეგ, თვითმმართველობაში არცერთი მათგანი აღარ დაასაქმეს.