14-09-2024
მსოფლიოს 42 ქვეყნის კვლევითი ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების პროფესორებმა და წამყვანმა სპეციალისტებმა 7 დღის განმავლობაში იმსჯელეს რომის იმპერიის სასაზღვრო ხაზების ისტორის, ლოჯისტიკის, ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ურთიერთობების საკითხებზე, ასევე ახალი არქეოლოგიური მიღწევების შესახებ.
,,Limes Congress 2024’’ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა და მასში 350-მდე დელეგატი მონაწილეობდა.
კონგრესის დასასრულს მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა, აჭარის ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ და თანაორგანიზატორებმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ აჭარის რეგიონმა შეძლო მსოფლიო დონის საერთაშორისო ღონისძიების ღირსეული მასპინძლობა.
რეგიონის გაცნობითი ღონისძიებების ფარგლებში კონგრესში მონაწილე დელეგატებმა მოინახულეს აჭარაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მუზეუმები, გაეცნენ რეგიონის ტურიზმის პოტენციალს.