14-09-2024
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გორში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის.
როგორც მან აღნიშნა, დარწმუნებულია ქართლელები 26 ოქტომბერს ძალიან მკაფიოდ ეტყვიან უარს ომს და აირჩევენ მშვიდობას, რაც საქართველოს წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობაა.
„ვინ თუ არა თქვენ, შიდა ქართლის მოსახლეობამ იცით ყველაზე უკეთ მშვიდობის ფასი. თქვენ საკუთარ თავზე ყველაზე მძიმედ გამოცადეთ 2008 წლის ომთან დაკავშირებული ტკივილი, ტკივილი, რომელიც საქართველოს და ამ მხარეს წინა ხელისუფლების მოღალატეობრივმა დანაშაულმა მოუტანა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ქართლელები 26 ოქტომბერს ძალიან მკაფიოდ ეტყვის უარს ომს და აირჩევთ მშვიდობას, რაც საქართველოს წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობაა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ არჩევანია მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გახდეს საქართველო ევროპული ოჯახის წევრი. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს აუცილებლად ექნება ნათელი, ევროპული მომავალი, რისი მიღწევაც მხოლოდ მშვიდობის შენარჩუნებით და ღირსების დაცვით არის შესაძლებელი.
„შიდა ქართლი ინახავს ჩვენი ქვეყნის უძვირფასეს მემკვიდრეობას, უამრავ ეკლესია-მონასტერს, რომლებიც შეგვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ ჩვენი ეროვნული იდენტობის თითოეულ საყრდენს - მამულს, ენას და სარწმუნოებას. 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ხალხმა ასევე უნდა გააკეთოს არჩევანი ამორალურ პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ ქართლელები ამ შემთხვევაშიც მკაფიო არჩევანს გააკეთებთ, უარს ეტყვით ადამიანის ღირსების წაშლის ყველა მცდელობას და აირჩევთ ტრადიციულ ფასეულობებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.