15-09-2024
გიორგი ვაშაძე უკვე ოსტაპ ბენდერის დონის ტყუილებზე გადავიდა, მაისურზეც კი დაიწერა, იმდენად ხვდება, რომ არავინ იჯერებს ამ ტყუილებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ჩვეულებრივად შარაგზის ოსტაპ ბენდერად იქცა.
„უკვე ოსტაპ ბენდერის დონის ტყუილებზე გადავიდა გიორგი ვაშაძე, დღეს ვნახეთ, რომ მაისურზეც კი დაიწერა, იმდენად ხვდება, რომ არავინ იჯერებს ამ ტყუილებს. ოპოზიცია იქცა ჩვეულებრივად შარაგზის ოსტაპ ბენდერად. თან გასაკვირი პირობა ჰქონდათ, დებატებში თუ დაგვიჯდებით, გავამხელთ რა ფონდებიაო და ისე, საქართველოს მოსახლეობას უმალავენ, საიდან არის ეს ფონდები.
ერთ რამეს შეგახსენებთ, იგივე ხალხი, იგივე პოლიტიკოსები და „ენჯეოები“ კანდიდატის სტატუსი რომ არ მოგვანიჭეს, მაშინ ჰქონდათ მთელი წივილ-კივილი ატეხილი, რომ არიქა, მილიონები დავკარგეთ, რომელიც კანდიდატის სტატუსის მონიჭებით უნდა მოეცათ თურმე ჩვენთვის.
მივიღეთ კანდიდატის სტატუსი დეკემბერში, სად არის ეს მილიონები, ჯერ ამას ველოდებით, იქნებ აქედან დაიწყონ. მოითხოვონ ის მილიონები, რომლებიც გვეკუთვნის თურმე და არ მოუციათ და შემდეგ გადავიდნენ მილიარდებზე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.