27-10-2018
ძლიერი წვიმის დროს ქობულეთში ქუჩები დაიტბორა. არსებული ინფორმაციით, განსაკუთრებით გელაურისა და ჯავახიშვილის დასახლებები დაზარალდა, სადაც წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე შევიდა და ეზოები დატბორა.
დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ უცნობია.
ადგილობრივების განცხადებით, ქობულეთში სანიაღვრეების სისტემა მოუწესრიგებელია და ყოველი წვიმის შემდეგ ქალაქი იტბორება. მათივე თქმით, სანიაღვრე სისტემის გაწმენდა 2008 წლის შემდეგ არ მომხდარა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის, მირიან ქათამაძის განცხადებით, დატბორვასთან სანიაღვრე სისტემა კავშირში არაა. მისივე თქმით, მერია აუცილებლად ეცდება მოსახლეობას სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი შეუმსუბუქოს.