გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს პარიზის გამოფენაზე IFTM Top Resa 2024 ეცნობიან

18-09-2024

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში, პარიზში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ტურისტულ გამოფენაზეა IFTM Top Resa 2024 წარდგენილი.


უწყების ცნობით, IFTM Top Resa-ს გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად 10 კერძო კომპანია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია მონაწილეობს.


„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მრავალი წელია მონაწილეობს პარიზში, საერთაშორისო გამოფენა ტოპრეზაზე. წარმოდგენილები ვართ კერძო სექტორთან ერთად და ვფიქრობ,რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადმინისტრაციისა და კერძო სექტორის ჩართულობა, რადგან ეს პლატფორმა ხელს უწყობს, უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას ევროპიდან, მათ შორის საფრანგეთიდან საქართველოში“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბრენდის განვითარების სამმართველოს უფროსმა ანა კეკელიამ.


საფრანგეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოსაზიდად გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურისტული კომპანია თრეველშოფის წარმომადგენელი მაკო ლეკიშვილი.


„გამოფენა საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის, რადგან ყოველწლიურად ფრანგი ტურისტების რაოდენობა იზრდება. ამას განაპირობებს ის რომ საქართველოში საფრანგეთიდან პირდაპირი ფრენებია, როგორც თბილისის აეროპორტში, ასევე, ქუთაისის აეროპორტში და ვთავაზობთ სხვადასხვა ტურებს: კულტურულ ტურებს, სათავგადასავლო ტურებს, ღვინისა და გასტრონომიულ ტურებს. იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს უფრო მეტი ფრანგი ტურისტი ეწვევა საქართველოს და არა მარტო ფრანგი, რადგან დასავლეთ ევროპიდან, ევროპის სხვა ქვეყნებიდან, საკმაოდ ბევრი წარმომადგენელია გამოფენაზე“,-აცხადებს მაკო ლეკიშვილი.


საფრანგეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საფრანგეთში საქართველოს საელჩოსთან ერთად, IFTM Top Resa-ს სტუმრებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაციას მართავს. გამოფენის სტუმრები ეცნობიან საქართველოს ტურისტულ პროდუქტებსა და სხვადასხვა მიმართულებებს.


"ვიცი, რომ საქართველო საუკეთესო ღვინის ქვეყანაა და ქართული ღვინო გემრიელი. საქართველო ღვინის სამშობლოა, სადაც ათასობით წლის წინ პირველად მოამზადეს ღვინო. სამწუხაროდ ჯერ საქართველოში არ ვყოფილვარ, მაგრამ ვაპირებ ვიმოგზაურო საქართველოში, აღმოვაჩინო ეს ლამაზი ქვეყანა და დავაგემოვნო ქართული კერძები",-ამბობს გამოფენის ვიზიტორი ნიკოლა ფიოლე.
გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თანამშრომლობის მიზნით, შეხვედრებს მართავს საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან და მედია ორგანიზაციებთან. ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლები B2B შეხვედრებს მართავენ მომავალ პარტნიორებთან ტურისტული პაკეტების შექმნის მიზნით.


IFTM Top Resa-ს ტურისტულ გამოფენაზე მსოფლიოს 170 ქვეყანაა წარმოდგენილი, გამოფენაში 1400 კომპანია მონაწილეობს. პარიზის გამოფენას 30 ათასზე მეტი ტურიზმის სფეროს პროფესიონალი სტუმრობს.