18-09-2024
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი კირცხალია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურის მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.
ირაკლი კირცხალია ანტიდემოკრატიულს უწოდებს და ბატონყმურ დამოკიდებულებად თვლის აშშ-ს მხრიდან პოლიციელებისთვის სანქციების დაწესებას. მისივე თქმით, პრემიერის და მმართველი გუნდის მხრიდან უმაღლეს დონეზე გაკეთდა განცხადებები აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ, თუმცა ასეთი ქმედებები და განცხადებები არ ემსახურება გადატვირთვის პოლიტიკას.
„რა შეიძლება იყოს იმაზე მეტად ანტიდემოკრატიული, რა შეიძლება იყოს იმაზე მეტი ბატონყმური დამოკიდებულების ამსახველი, სამწუხაროდ, რაც ამ ქმედებით გამოჩნდა და გამომჟღავნდა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოსგან. როგორ შეიძლება შენი პარტნიორი მეგობარი ქვეყნის მოქალაქეს, განსაკუთრებით, ხაზი მინდა გავუსვა, ძალოვანი, უმაღლესი სტრუქტურის წარმომადგენლები დაასანქცირო სრულიად უაპელაციოდ, ნებისმიერი ახსნა განმარტების, ფაქტების და მოცემულობის გარეშე. უმაღლეს დონეზე ბატონმა პრემიერმაც და არა მხოლოდ, გავაკეთეთ განცხადებები, რომ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა მზად არის ურთიერთობის გადატვირთვისთვის, მაგრამ ასეთი დამოკიდებულებები, ასეთი ქმედებები და განცხადებები, რომლებსაც ვისმენთ ნამდვილად არ ემსახურება გადატვირთვის პოლიტიკას და ნამდვილად არ ემსახურება მათგან გადადგმულ არცერთ ნაბიჯს ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.