28-10-2018
ახალქალაქის N46 ბეჟანოს საარჩევნო უბანზე, კოსმიის წევრი ტელეფონით ცდილობდა გადაეღო თუ როგორ აძლევდნენ მოქალაქეები, ასევე, კომისიის წევრი, პირადობის გარეშე ხმას. უბნის თავმჯდომარემ კი მობილურზე ხელი აუკრა და გაუტეხა.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელი, გოჩა ტალახაძე ამბობს, რომ ბეჟანოს N 46 უბანზე რამდენიმე დარღვევა შეამჩნია და ამისი გადაღება ტელეფონით დაიწყო: „ამ უბანზე ერთმა კომისიის წევრმა ოთხჯერ მისცა ხმა, ასევე ბევრი ამომრჩეველი პირადობის გარეშე შემოდიოდა. ამას რომ ვიღებდი თავმჯდომარემ მითხრა მაგ ადგილიდან გადაღეა აკრძალულიაო, ტელეფონს წვდა და გამიტეხა“.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რუბიკ ეგუნიანი მომხდარს კატეგორიულად უარყოფს: „ორი კაცი მოვიდა პირადობის გარეშე და უკან გავაგზავნეთ. რაც შეეხება გადაღებას, გოჩა სამაგიდო სიას იღებდა, რისი უფლებაც არ აქვს. ორჯერ–სამჯერ გავუმეორე, რომ უფლება არ ჰქონდა“.
აღნიშნულ ფაქტზე ორი საჩივარი დაიწერა: „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა საჩივარი ახალქალაქის N40 საოლქო საარჩევო კომისიაში დაარეგისტრირა, საუბნო საარჩევნო კომისიაში კი საჩივარი უბნის თავმჯდომარემ დაწერა, იგი ტალახაძეს სიების უკანონოდ გადაღებისთვის უჩივის.
N46 ბეჟანოს უბანზე სულ 716 ამომრჩეველია. აქედან ერთი სპეცსიით, 21 კი გადასატანი ყუთის მეშვეობით აძლევს ხმას.