გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ვახტანგ ყოლბაია: დაღი, რომელიც თავის დროზე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თვითნებურად განცალკევებამ საქართველოს დაასვა, დღემდე გადაულახავ პრობლემად რჩება

8-12-2017

ABKHAძIA NEჭშ-ის კორესპონდენტმა ინტერვიუ ჩამოართვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას კატალონიაში მიმდინარე რთულ პროცესებზე, რომელმაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოებაში, პოლიტიკურ და დიპლომატიურ წრეებში.
რა მოხდება ესპანეთში 21 დეკემბერს კატალონიის ვადამდელ არჩევნებზე.
სეპარატიზმი, როგორც ასეთი…


-ბატონო ვახტანგ, მსოფლიოში ბევრი ცხელი წერტილი არსებობს, რომელიც საზოგადოების ძლიერ შეშფოთებას იწვევს. ალბათ არავინ ელოდა 21-ე საუკუნეში მსოფლიოში ომისა დმშვიდობის საკითხების უკიდურეს გამწვავებას, ტერორისტული აქტების ასეთ სიმრავლეს, ბირთვული იარაღით მანიპულირებას, დევნილთა და მიგრანტთა კოლოსალურ ნაკადებს. ამასემატება სეპარატიზმის ტალღის ერთგვარი გამოღვიძებაც, რომლის მაგალითად შეიძლება დღესკატალონია მივიჩნიოთ, რომელმაც რეფერენდუმის შედეგად დამოუკიდებლობა აღიარა დაესპანეთიდან გამოყოფა მოითხოვა.
როგორ შეაფასებთ სეპარატიზმის ექსპორტს ევროპაში, რომელსაც, როგორც ამბობენ, გაუთვალისწინებელი შედეგები შეიძლება მოყვეს?


-ისევე, როგორც დანარჩენი მსოფლიო, ბუნებრივია, ჩვენც ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ კატალონიის კრიზისს, რომელსაც ესპანეთიდან გამოყოფა სურს. არ შეიძლება არ მოიწონო და არ დაეთანხმო ესპანეთის მთავრობის მიერ გადადგმულ მკვეთრ ნაბიჯებს სეპარატისტების მიერ მოწყობილი კრიზისის გადალახვისა და ესპანეთის ერთიანობის შენარჩუნების გზაზე. კონსტიტუციის 155 მუხლის ამოქმედებით, ესპანეთმა რეგიონზე პირდაპირი მმართველობა დაამყარა, სეპარატისტული მთავრობა დაითხოვა და 21 დეკემბერს კატალონიაში ვადამდელი არჩევნების დანიშნა. საქართველოს ხელისუფლება ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა ამ ფაქტს და მხარდაჭერა გამოუცხადა ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და კატალონია განიხილა ესპანეთის განუყოფელ ნაწილად. დაგმო კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადება და მხარი დაუჭირა ესპანეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ მცდელობებს აღადგინოს კანონიერება და დაარეგულიროს სიტუაცია ესპანეთის კონსტიტუციის, კანონის უზენაესობისა და ესპანეთის ყველა მოქალაქის უფლებების პატივისცემით.
ჩვენ არ ვიცით რა მოხდება 21 დეკემბერს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ამ ნაბიჯით ესპანეთმა უკვე შეუკვეცა ფრთები არა მარტო კატალონიურ, არამედ, ზოგადად სეპარატიზმის ტალღას ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში, რომელსაც ესპანეთში გამარჯვების შემთხვევაში, ნაღმის აფეთქების და ჯაჭვური რეაქციის ეფექტი ექნებოდა.


-რა შეიძლება მოხდეს კატალონიის გამარჯვების შემთხვევაში?


-კატალონიის გამარჯვება ყველზე ცუდი სცენარია იმათგან, რომელიც შეიძლება ევროპას თავს დაატყდეს. წარმოიდგინეთ, ბასკეთი, ბელგია, შოტლანდია, ჩრდილოეთ იტალია, კორსიკა, რომელსაც სეპარატიზმის ცეცხლი გადაედება. არ უნდა დაგვავიწყდეს დანარჩენი მსოფლიოც, სადაც სეპარატისტული განწყობებია. არც ისინი შეხვდებიან მდუმარედ ამ ფაქტს და, ასევე მოითხოვენ დამოუკიდებლობის აღიარებას. ეს იქნება წარმოუდგენელი ქაოსი და არეულობა, განუკითხაობა და დაუსრულებელი გამოსვლები, რომელსაც გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. საქმე იქამდე შეიძლება მივიდეს, რომ ბირთვული საფრთხე და ტერორიზმიც კი გადაწონოს გაუთვლელმა პოლიტიკურმა მოქმედებებმა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კრემლის ორმაგი სტანდარტიც გაასმაგებული ენერგიით ამოქმედდება, რომელიც ყასიდად ესპანეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, მეორე მხრივ, ცეცხლს უბერავს ისედაც გადახურებულ საბერველს, რომ სეპარატიზმის ეგრეთწოდებულ „რენესანსს“ ხელი შეუწყოს, ევროკავშირი დაასუსტოს და საკუთარი მოქმედება გაამართლოს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.
მაგრამ როგორც ვხედავთ, ევროკაშირის პოზიცია ერთიანი და შეუვალია ესპანეთთან დაკავშირებით. უფრო მეტად სიტუაციის ესკალაციას ევროკავშირი აღარ დაუშვებს.


-თვლით თუ არა, რომ სეპარატიზმი მაინც კოსოვოს აღიარების შემდეგ მოღონიერდა?


-მე ვთვლი და არა მარტო მე, რომ ეს შეცდომა იყო. ბალკანეთის ომს მოყვა მსოფლიო თანამეგობრობის მიერ კოსოვოს აღიარება, ანუ მოხდა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების გადახედვა, რომელიც თითქოს იძულებით გადადგმული ნაბიჯით იყო ნაკარნახევი სერბეთში სიტუაციის განსამუხტად. ბუნებრივია, საქართველომ კოსოვო არ აღიარა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ამ ფაქტის შემდეგ მიძინებული სეპარატიზმი მოქმედებაზე გადავიდა და მსოფლიოს სერიოზულ თავისტკივილად იქცა. სეპარატიზმის პირველი შედეგები კი მოსკოვის დიდი მეცადინეობით, სწორედ საქართველომ იწვნია, რომლის შედეგიც ისაა, რომ საკუთარი ტერიტორიების 20 პროცენტს დროებით ვეღარ ვაკონტროლებთ. საქართველო, მართალია, პატარა ქვეყანაა, მაგრამ მის პრინციპულობასა და მოთმინებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. საქართველოს გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ და მრავალმა გარემოებამ განსაზღვრა ისიც, რომ საქართველო ვერ გახდება სეპარატიზმის ხელშემწყობი მექანიზმი, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველგანაა დადარაჯებული შუაგულ ევროპაში, ჩინეთში, ახლო აღმოსავლეთში, ინდოეთში, აფრიკასა და თვით ამერიკაშიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ საქართველოზე. ბრექსიტის სკანდალმა, რომელსაც სეპარატიზმთან საერთო არა აქვს, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად საფრთხის შემცველია მსოფლიოსთვის პოლიტიკური შეცდომები, რომელმაც გლობალური მსოფლიოს არსებობას შესაძლოა საფრთხე შეუქმნას და სეპარატიზმის აყვავებისთვის ნოყიერი ნიადაგი შექმნას. სეპარატიზმის წახალისება არანაკლები დანაშაულია, ვიდრე ტერორისტული თავდასხმები, ომები და მოუგვარებელი კონფლიქტები, რომელსაც მიუსაფარ ადამიანთა მასობრივი ტალღა ახლავს. სამწუხაროდ, ასეთი საფრთხეები დღეს მოჭარბებული დოზით გვაქვს.


-აქვს თუ არა საერთო კატალონიის სეპარატიზმს საერთო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან?


-აფხაზეთსა და სამაჩაბლოს კატალონიისგან ბევრი რამ განასხვავებს, მაგრამ სეპარატიზმი ყველგან სეპარატიზმია ესპანეთში მოხდება ეს თუ ჩინეთში. დაღი, რაც თავის დროზე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თვითნებურად განცალკევებამ საქართველოს დაასვა, დღემდე გადაულახავ პრობლემად რჩება. დღეს ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ თვითგამორკვევის უფლება ყველა ერს აქვს და მისი უგულებელყოფა დაუშვებელია. მაგრამ ამის პარალელურად შავით თეთრზე მითითებულია, რომ არც ერთი დღეს მოქმედი ფედერალური კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ქვეყნიდან გამოყოფის (სეცესიის) შესაძლებლობას, ხოლო ფედერალურ ტერიტორიას აღიარებს, როგორც განუყოფელს. შესაბამისად, ნებისმიერი ცდა ამ მიმართულებით განიხილება როგორც ანტიკონსტიტუციური აქტი, ხოლო სეპარატისტული მოძრაობა შეფასებულია, როგორც სახელმწიფოს არსებობისათვის სერიოზული საფრთხის შემცველი და კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებიდან გამოყოფა სეპარატიზმის უკიდურესი ფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს გარკვეული ტერიტორიის სრულ პოლიტიკურ გამოყოფას არსებული სახელმწიფოდან და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. კიდევ უფრო მეტად თუ დავაკონკრეტებთ, ესაა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების უცვლელობის პრინციპების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიერ იგმობა.
მეკითხებით, რით განსხვადება ერთმანეთისგან აფხაზური, ოსური და კატალონიური სეპარატიზმიო. კატალონიაში მართალია იყო გამოსვლები, დაპირისპირება პოლიციასთან, რასაც დიდი არეულობა და მითქმა-მოთქმა მოჰყვა, მაგრამ კატალონია ცდილობდა სამრთლებრივი ჩარჩოებიდან არ გასულიყო. იქ არავინ ცდილობდა ცეცხლითა და მახვილით ვინმეს ქვეყნიდან გაძევებას. საქართველოში ეს პროცესები სულ სხვა სცენარით წარიმართა. აფხაზეთთან დაპირისპირება საომარ მოქმედებებში გადაიზარდა, რომელიც წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა. საბოლოოდ კი ქართული მოსახლეობის აფხაზეთიდან დედა-ბუდიანად აყრით და გამოძევებით დასრულდა. რაც შეეხება სამაჩაბლოს, ეს კიდევ უფრო განსხვავებული შემთხვევაა. მას საქართველოსგან დამოუკიდებლად არსებობა სურს, მაგრამ ამავე დროს მეორე სახელმწიფოსთან მიერთებაზე (ჩრდილოეთ ოსეთი – ალანია) აცხადებს პრეტენზიას. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კატალონიას არ ჰყავს ისეთი მეზობელი, როგორიც რუსეთია, რომელიც ამავე დროს, უმძლავრესი ბირთვული სახელმწიფოა, რომლის მხარდაჭერის შედეგადაც მოხდა ჩვენი ძირძველი ქართული ტერიტორიების საქართველოდან ჩამოშორება. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა რუსეთმა ყოველგვარი რეფერენდუმების გარეშე აღიარა. რუსული მედია დღესაც ცდილობს კატალონიის მაგალითის გამოყენებას, მაგრამ ფაქტობრივი რეალობა სხვაგვარია. ჩვენთან თავდაპირველად მოხდა ამ ტერიტორიების ანექსია და შემდეგ ეგრეთწოდებული დამოუკიდებლობის გამოცხადება, რასაც საერთაშორისო სამართალი არ ცნობს. ყველაზე დიდი სიმართლე კი ის გახლავთ, რომ დღეს რუსეთი აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტს, რომელზეც განთავსებული აქვს საკუთარი სამხედრო ბაზები, რომლის ფინანსური მხარდაჭერის ლომის წილიც რუსეთზე მოდის. მიუხედავად ამისა საქართველომ, რუსეთის უდიდესი ზეწოლის პირობებში, მაინც შეძლო ევროკავშირთან და ნატოსთან საკუთარი პოზიციების გაძლიერება ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე. დღეს აქტიურად ლაპარაკობენ იმაზე, რომ კატალონიელ სეპარატისტებს შესაძლოა, რუსეთი ეხმარებოდეს. გარდა ამისა, ცნობილია ისიც, რომ კატალონიის სოლიდარობის პარტიის საერთაშორისო მდივანი, რუსულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ დამოუკიდებელი კატალონია მსოფლიო ფორუმებზე რუსეთის მოკავშირე იქნება და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასაც აღიარებს.


რუსები ფიქრობენ, თუ ესპანეთის სახელმწიფო დანაწევრდება, ამას ჯაჭვური რეაქცია მოყვება, ეს კი ევროკავშირისა და ნატო-ს პოზიციებს დაასუსტებს. არც ის არის დიდი საიდუმლო, რომ სოხუმსა და ცხინვალში კატალონიის გამოყოფაზე დიდ იმედებს ამყარებენ. ამიტომაც არ დააყოვნა ეგრეთწოდებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინიტრმა დიმიტრი მედოევმა ვიზიტები, ჯერ ჩრდილოეთ იტალიაში, შემდეგ კი კატალონიასაც ესტუმრა. სოხუმმა და ცხინვალმა გამოთქვეს სურვილი, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მათი მხრიდან კატალონიის დამოუკიდებლობის აღიარებას წინ არაფერი დაუდგებოდა. მაგრამ ისიც საგრძნობია, რომ, როცა ესპანეთმა აამოქმედა კონსტიტუციის შესაბამისი მუხლი და კატალონიაში ვადამდელი არჩევნები დანიშნა, ჩვენს ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელმძღვანელებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და მათი ხმა დღეს აღარავის ესმის. იმედი ბოლოს კვდება და ისინიც დაელოდებიან შესაფერის მომენტს იქნებ კიდევ ვინმე გამოინახოს „დამოუკიდებლობის“ მოყვარული, რომელიც მათ ეგრეთწოდებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს. ყველანი ვხედავთ, სადამდე მიიყვანა პოლიტიკური ილუზიებით ტკბობამ სოხუმის და ცხინვალის ეგრეთწოდებული დე ფაქტო პოლიტიკური ხელმძღვანელობა და აფხაზეთის საზოგადოება. ვინ იფიქრებდა, რომ საქართველოს საამაყო და აყვავებული რეგიონების რუსეთის სამხედრო ბაზებად ქცევას, აფხაზური და ოსური მხარე კვერს დაუკრავდა და საკუთარ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა.


-ბატონო ვახტანგ, საინტერესოა, რატომ უნდა სურდეს რუსეთს სეპარატიზმის წახალისება, როდესაც თავად აქვს ეს პრობლემები რუსეთში?


-აქ ფეოდორ ტიუტჩევის ლექსი მახსენდება, რომელსაც ხშირად მოუხმობენ ხოლმე პოლიტიკოსები: „Умом Россию не понять, Аршином общим неизмерить“ , თუმცა მივყვეთ მოვლენებს:
სეპარატიზმთან დაკავშირებით, პუტინი რამდენიმე თამაშს თამაშობს. დავიწყოთ იქიდან, რომე პუტინმა დასავლეთის მხრიდან კოსოვოს აღიარებასთან დაკავშირებით, მკაფიო პროტეტსტი გამოხატა და დასავლეთს დაემუქრა კიდეც, რომ ეს უკან დაგიბრუნდებათო. სინამდვილეში სერბეთი რუსეთის გავლენის ზონად ითვლებოდა და მისი დაყოფა პუტინისთვის წამგებიანი ვარიანტი იყო. ასე, რომ კოსოვო რუსეთისთვის მანიპულირების იარაღად რჩება, იმ შემთხვევისთვისაც, თუ რუსეთი სეპარატისტულ თამაშებში მონაწილეობის მცდელობას საერთაშორისო სასამართლო დაასაბუთებს. ფაქტია, რომ ამერიკაში დაა საფრანგეთში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა სააშკარაოზე გამოიტანა რუსეთის ფარული მონაწილეობის ფაქტები არჩევნების მიმდინარეობის პროცესში. ამას კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმიც დაემატა, რომელსაც ძალიან სერიოზულად წინ აღუდგა ესპანეთის მთავრობა და კატალონიის კრიზისის წახალისებაში რუსეთი დაადანაშაულა. ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად დარწმუნებულია მადრიდი თავისი ბრალდებების სიმყარეში, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა რომ მათ მტკიცებულებები აქვთ.


მისივე თქმით, ესპანეთმა ამოიცნო სოციალურ მედიაში არსებული ყალბი ანგარიშები, რომელთაგან ნახევარი რუსეთიდან იმართებოდა, კიდევ 30 პროცენტი – ვენესუელიდან. ყველა ამ ანგარიშის მიზანი იყო სეპარატისტთა კამპანიის გაძლიერება მათი მესიჯებისა და სტატუსების გავრცელებით. მართალია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპანეთის მთავრობის მტკიცებულებებს ისტერიას უწოდებს, მაგრამ არგუმენტებს უფრო მეტი ძალა აქვთ. ნატო და ევროკავშირიც არ ერიდება რუსეთს დადანაშაულებას კატალონიის კრიზისის გაღვივებაში. თქვენ მეკითხებით, რატომ იქცევა რუსეთი ასე, როცა სეპარატიზმი მის კართანაცაა დადარაჯებული. ის, რომ რუსეთს აწყობს დანაწვრებული ევროპა და შუაგულ ევროპაში მუდმივი დაძაბულობა, ეს ეჭვს არავისში იწვევს, იმდენად ნაცნობია მისი ხელწერა. ერთიანი ევროპა მისთვის დიდი წინაღობაა, მით უმეტეს, როდესაც სანქციები, რომელიც ევროპამ და ამერიკამ რუსეთს დაუწესა, ერთ მშვენიერ დღეს რუსეთში თვალშისაცემ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისად შეიძლება იქცეს. გარდა ამისა, რუსეთმა უდიდესი მცდელობის მიუხედავდ, ვერაფრით მოახერხა დასავლეთის რომელიმე ქვეყნისგან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობა. თუ კატალონია თავისას გაიტანს, მას წინასწარ აქვს გარანტიები, რომ ის აღიარებს აფხაზეთს და ოსეთს. წარმოიდგინეთ, მაშინ როგორი კარტის გათამაშებას შეძლებს რუსეთი. თანაც იმ პირობებში, როდესაც ოფიციალურ დონეზე მხარს უჭერს ეპანეთის ერთიან სახელმწიფოს და ამ პროცესებს ესპანეთის საშინაო საქმედ მიიჩნევს. რაც შეეხება საკუთარ ქვეყანაში სეპარატიზმის გამოვლინებას, ყველამ კარგად ვიცით რუსეთის დამოკიდებულება საერთაშორისო სამართლის პრინციპებისადმი. არც ის უნდა იყოს ძნელი წარმოსადგენი, ნებისმიერი რეგიონის მცდელობას დამოუკიდებლობის მოთხოვნის პირობით, როგორ მოექცევა რუსეთი. უნდა ვივარაუდოთ, რომ არ დააყოვნებს სამხედრო ჩარევა და ძალის დემონსტრირება. ამას მოსკოვი გაამართლებს იმით, რომ ბირთვული ზესახელმწიფოს უდიდესი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევის მცდელობა არავის ეპატიება, ის იცავს მშვიდობიანი მოქალაქეების სამართლებრივ ინტერესებს და ასე შემდეგ. მაგრამ ამ წუთში ის ევროპის და ნატოს ერთიანობის რღვევის იდეით არის შეპყრობილი, რომელსაც დასავლეთი არგუმენტირებულად ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს. ევროპაში დიდი სეპარატისტული არეულობის შეტანა, რუსეთის მოქმედებებს ხელ-ფეხს გაუხსნის მრავალი მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ამ გზაზე მოსკოვს, საკუთარი ინიციატივით დაარსებული ევრაზიის კავშირის გამყარების და გაფართოების იმედიც აგულიანებს. ასე, რომ ალბათ არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ კატალონიაში სეპარატიზმის მარცხი ძალიან მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისა და სიმშვიდისათვის.


-შეგიძლიათ რაიმე პროგნოზი გამოთქვათ, რა მოხდება 21 დეკემბერს კატალონიიაში დანიშნულ რიგგარეშე არჩევნებზე?


-ამბობენ პროგნოზები უმადური საქმეაო, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ესპანეთი შეინარჩუნებს ტერიტორიული მთლიანობას. უნდა ვივარაუდოთ, რომ რეგიონის სათავეში ესპანეთის ერთიანობის მომხრე პარტია მოვა, რომელიც დამოუკიდებლობის დეკლარაციას მხარს არ დაუჭერს. ცხოვრება თანდათან ჩვეულებრივი რიტმში ჩადგება. სეპარატისტული მოძრაობა კი თავის მორიგ მარცხს შეურიგდება. ეს კი საუკეთესო მაგალითი იქნება იმათთვის, ვისაც სეპარატისტული ვნებები მოსვენებას არ აძლევს.

ესპანეთი და საერთაშორისო თანამეგობრობა რაღა თქმა უნდა, გადალახავს ამ გამწვავებულ კრიზისს და ეცდება მსგავსი სეპარატისტული თამაშები აღარ დაუშვას, რომ ხელი არ შეეშალოს ადამიანების მშვიდობიან და უსაფრთხო თანაარსებობას ერთიანი სახელმწიფოების ფარგლებში.