9-10-2024
2024 წლის 9 თვის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საუბრობს. მაია ომიაძის განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროგნოზი სრულად გამართლდა.
„3 კვარტლის განმავლობაში საქართველოს თითქმის 6 მილიონი საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა, წინა წელთან შედარებით მატება 4%-ზე მეტია.
მხოლოდ მე-3 კვარტალში თითქმის 3 მილიონი მოგზაური სტუმრობდა ჩვენს ქვეყანას, რაც 2.5 %-ით მეტია 2023 წელთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, გასული წლის ბოლოს, რა პროგნოზიც გააკეთა ზუსტად გამართლდა მოლოდინი. საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებიდან ჩვენ კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი მივიღეთ. წლის ბოლომდე იმედი გვაქვს ვუმასპინძლებთ იმდენ ტურისტს რაც დაგეგმილი გვქონდა, რადგან ოთხივე სეზონზე საქართველო ტურისტებისთვის საინტერესო მიმართულებაა“,-განაცხადა მაია ომიაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მოგზაურთა რაოდენობის ზრდას ხელს უწყობს ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული პროექტები, ასევე ახალი ავიარეისების დანიშვნა.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მუდმივად ახორციელებს კამპანიებს მიზნობრივ ბაზრებზე, ჩვენ ვმონაწილეობთ არაერთ გამოფენაში, საქართველოში ვმასპინძლობთ დიდ ღონისძიებებს, რაც მთლიანობაში საქართველოს ცნობადობას ხელს უწყობს და ეს ერთგვარი მოტივაციაა საქართველოში ბევრი მოგზაური ჩამოვიყვანოთ. აღსანიშნავია, რომ ახალი მიმართულებით ფრენების დანიშვნა, ასევე სიხშირეების გაზრდა ხელს უწყობს მოგზაურთა რაოდენობის გაზრდას და ქვეყნის პოპულარიზაციას“,-აცხადებს მაია ომიაძე.
იანვარი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 5,794,661 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +4.1%-ია.
2024 წლის 9 თვეში საქართველოში 3,992,842 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +9.2%-ია.
საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტთა ზრდა ფიქსირდება 2024 წლის მესამე კვარტალშიც.
ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 2,773,594 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +2.5%-ია.
ივლისი-სექტემბრის პერიოდში ქვეყანაში 1,869,026 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა +8.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.