გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ალექსანდრე წულაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაში ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

10-10-2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

 

მინისტრთან ერთად ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ქალაქ ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია.

 

სკოლის სრული რეაბილიტაცია სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. პროექტის შედეგად, 2024-2025 სასწავლო წელს სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის მოსწავლეები სრულად რეაბილიტირებულ, თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში გააგრძელებენ სწავლას.

 

შენობა, რომელიც 120-ზე მეტ მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად განახლდა და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. უკვე მოეწყო ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.ასევე, სკოლაში იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები, ექიმის კაბინეტი, ბიბლიოთეკა და სასადილო. ამასთან, შენობა სრულად აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით.

 

აღსანიშნავია, რომ სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია.

 

სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით,საქართველოში მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ბოლომდე ჯამში 100-მდე საჯარო სკოლის მშენებლობა/ სრული რეაბილიტაცია დასრულდება.