გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ჯაბა სამუშიამ ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ინტერდისციპლინური სიმპოზიუმი გახსნა

11-10-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ახალგაზრდა მეცნიერთა VI საერთაშორისო ინტერდისციპლინური სიმპოზიუმი გახსნა, რომელშიც ქართველ მკვლევრებთან ერთად მონაწილეობენ ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა სხვადასხვა დარგის სპეციალისტები გერმანიიდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან, იაპონიიდან, შვეიცარიიდან, ნიდერლანდების სამეფოდან.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, სიმპოზიუმის ფორმატი გამორჩეულია, ვინაიდან ახალგაზრდა მეცნიერებთან ერთად მოხსენებებს კითხულობენ უფროსი თაობის მეცნიერები, რაც არის ხიდი ორ თაობას შორის და შესაძლებლობა, რომ ახალმა თაობამ მეცნიერებაში გადადგას პირველი ნაბიჯები და უფროს კოლეგებთან ერთად საინტერესო სამეცნიერო მიგნებები ჰქონდეს.

 

რექტორმა ასევე ისაუბრა რეცენზირებად და რეფერირებად ჟურნალებზე და სამეცნიერო ჟურნალების დაფინანსების პროგრამაზე, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უახლოეს მომავალში განახორციელებს. „საერთაშორისო ბაზებში ასახული სამეცნიერო ჟურნალები-ეს პრიორიტეტი თითოეულ თქვენგანის სამეცნიერო წინსვლას და მსოფლიო დონეზე ცნობადობის ზრდას შეუწყობს ხელს. ეს კი, თავის მხრივ, გაზრდის ქართველოლოგიის, ჰუმანიტარიის მიმართულების საერთაშორისო ცნობადობას“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დარეჯან თვალთვაძის ინფორმაციით, სიმპოზიუმი ფოკუსირდება იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს მეცნიერებაში. „ჩვენი მოვალეობაა დაგეხმაროთ, რომ ეს ნაბიჯები იყოს მტკიცე, დაგეხმაროთ კონტაქტების ჩამოყალიბებაში სამეცნიერო წრეში და ასევე, ხელი შეგიწყოთ სამომავლო სამეცნიერო საქმიანობის სწორად დაგეგმვაში, რისთვისაც ძალიან კარგ პლატფორმას წარმოადგენს ეს სიმპოზიუმი“,- აღნიშნა დარეჯან თვალთვაძემ.

 

კონფერენციის სტუმრებს ემერიტუსი პროფესორი, აკადემიკოსი მზექალა შანიძე მიესალმა. მან ლინგვისტურ კვლევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას ქართველოლოგიურ კვლევებში.

 

ახალგაზრდა მეცნიერთა VI საერთაშორისო ინტერდისციპლინური სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ  მეცნიერებებში (ISYSH-2024) – „ქართველოლოგიური კვლევები: ისტორია, თანამედროვეობა, პერსპექტივები“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართული კვლევების პროგრამის ორგანიზებით იმართება.