31-10-2018
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, არჩევნებმა ჩაიარა დემოკრატიულ გარემოში, დარღვევების გარეშე და ეს საერთაშორისო ორგანიზაციებმაც ასე შეაფასეს.
„რაც შეეხება შედეგებს აჭარასა და ზოგადად საქართველოში, პირველ ტურში ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ვერ შეძლო, მოეპოვებინა 50 პროცენტზე მეტი, თუმცა დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში ქართველ ხალხთან ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. არჩევანი უნდა გაკეთდეს ერთის მხრივ თავისუფალ და ევროპულ განვითარებასა, მეორე მხრივ კი, ძალადობრივ და ავტოკრატიულ რეჟიმს შორის. დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველი არჩევანს ქვეყნის სასარგებლოდ გააკეთებს“,-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მისივე თქმით, არის რიგი საკითხები, რაზეც დაგვაგვიანდა რეაგირება, დაგროვდა გარკვეული პრობლემები, ასევე პირველ ტურში ვერ მოხდა მობილიზება იმ მხარდამჭერების, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ჰყავს, თუმცა აჭარის თავმჯდომარის განცხადებით, მეორე ტურისთვის უკვე შეძლებენ მაქსიმალური მობილიზაციისა და კომუნიკაციის ხარჯზე შედეგის მიღწევას.
„მიამიტობა იქნებოდა ვთქვათ, რომ არსებობს მთავრობა, რომელიც 6 წელია ხელისუფლებაშია და შეცდომა არ დაუშვია, თუმცა ვფიქრობ, არჩევანზე როცა მიდგება საქმე, იმ სხვა არჩევანთან მიმართებაში, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს შესთავაზეს, ჩვენი შეცდომები შეადრებით ნაკლებად აწუხებს მოსახლეობას და გადაწყვეტილება სწორედ ამის საფუძველზე იქნება მიღებული”,-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.