1-11-2018
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გამართა და სამშენებლო კომპანიებს გამოსაცხადებელი ტენდერები წინასწარ წარუდგინა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
ფონდი უახლოეს დღეებში ზუგდიდში და წყალტუბოში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებს.
„ამ ეტაპზე, დაგეგმილი გვაქვს 9 კორპუსის მშენებლობა 780 დევნილი ოჯახისთვის. პროექტის ფარგლებში, ყველა ბინაში დამონტაჟდება წყლისა და გაზის გამათბობლები, მოეწყობა გარე ინფრასტრუქტურა, სკვერები, მოსასვენებელი ადგილები და ბავშვთა გასართობი მოედნები. ასევე, დაგეგმილია საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზების და ავტოსადგომების მოწყობა“ - განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ.
ფონდში აცხადებენ, რომ სატენდერო პროცედურები უფრო ეფექტურობისთვის, დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ექნებათ ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტებს, უკეთ მოემზადონ და კონკურენტულ გარემოში უზრუნველყოფილი იყოს ღია და თანაბარი პირობები.