გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით აბესაძემ ვენჩურული კაპიტალის ფონდებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

23-10-2024

საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით აბესაძემ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და ეკონომიკურ საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მხარდაჭერით გამართულ ვენჩურული კაპიტალის ფონდებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.


სების ინფორმაციით, ღონისძიებაზე განიხილეს განვითარებად ბაზრებზე ვენჩურული დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობები და აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და ASEAN-ის ბაზრებზე ვენჩურული ინვესტიციების განხორციელების გამოცდილება.


პანელურ სესიაზე დავით აბესაძემ ეროვნული ბანკის მიერ ბოლო წლების განმავლობაში საინვესტიციო ფონდების განვითარების კუთხით გაწეულ ძალისხმევაზე ისაუბრა და მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე გაამახვილა ყურადღება, ასევე ისაუბრა საინვესტიციო ფონდების დაბეგვრის კუთხით განხორციელებულ საკანონმდებლო რეფორმაზე და ქვეყანაში ფონდების განვითარებისთვის ხელშემწყობ საგადასახადო გარემოს გაუსვა ხაზი.


„ეფექტური ზედამხედველობა და გამართული მარეგულირებელი ჩარჩოს არსებობა ხელს უწყობს საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარებას, ინვესტორების ნდობის ზრდას ბაზრის ადგილობრივი მონაწილეებისა და ინფრასტრუქტურის მიმართ. ევროპულმა კომისიამ 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედი კოლექტიური საინვესტიციო სქემების მარეგულირებელი კანონმდებლობა ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისია. ეროვნულმა ბანკმა, სხვა ჩართულ მხარეებთან ერთად, დიდი ძალისხმევა გასწია ამ ჩარჩოს ჩამოყალიბების საქმეში. 2020 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ დაფუძნდა არაერთი აქტივების მმართველი კომპანია და საინვესტიციო ფონდი, მათ შორის სულ ახლახან დარეგისტრირდა ვენჩურული კაპიტალის ფონდიც“, - განაცხადა დავით აბესაძემ.


ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის კვლევისა და განვითარების განყოფილების უფროსი დავით ბოჭორიშვილი.


ღონისძიება IFC-ის ციფრული ფინანსური სერვისების პროექტის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ფინანსურ სექტორში ციფრული ფინანსური სერვისების განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას, ვენჩურულ კაპიტალსა და კერძო კაპიტალზე წვდომის გაძლიერებას და კერძო ინვესტიციების შესაძლებლობების გახსნას ქვეყნის შიგნით.