24-10-2024
ჩვენი ამბიციური, მაგრამ ასევე რეალისტური ამოცანაა, 2030 წლისთვის საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი და დამოუკიდებელი ელექტროენერგიის კუთხით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ენერგეტიკის მიმართულებით მთავრობას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს.
„უკვე შექმნილია ძალიან მყარი საფუძველი და ჩვენ ძალიან მკაფიოდ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 2028 წლისთვის 8000 მეგავატს მიაღწევს დადგმული სიმძლავრის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში და 2030 წლისთვის მაჩვენებელი გადააჭარბებს 10 000 მეგავატს. შესაბამისად, ეს ყველაფერი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა ელექტროენერგიის გამომუშავების თვალსაზრისით, ანუ გამომუშავება გადააჭარბებს მოხმარებას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა იმისათვის, რომ ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი ენერგეტიკული თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ ნიშნავს ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობის უფრო მეტად გამყარებასა,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, სოფლის მეურნეობის კუთხითაც ძალიან დიდი პროგრესი ექნება ქვეყანას, მომდევნო 4 წლის განმავლობაში.
„სოფლის მეურნეობის სფეროში ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, თუ რამხელა მიღწევები გვქონდა გასული წლების განმავლობაში. ამ კუთხითაც გვექნება ძალიან დიდი პროგრესი შემდეგი 4 წლის მანძილზე, მაჩვენებლები გაორმაგდება სხვადასხვა მიმართულებით, ეს შეეხება სოფლის მეურნეობის გამომუშავებას, აგრარული პროდუქციის ექსპორტს და ა.შ. აქაც არსებობს ძალიან კონკრეტული გეგმები, მათ შორის, სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ პროგრესის მიღწევას სოფლის მეურნეობის სფეროში. ქართული სოფლის გაძლიერება არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა, შესაბამისად, ამ კუთხით მთავრობა მაქსიმალურად იზრუნებს შემდეგი წლების განმავლობაშიც,"- განაცხადა პრემიერმა.