31-10-2024
ჩვენ უნდა შევხედოთ ძალიან სერიოზულად იმ წუხილებს, რაც გვესმის საქართველოში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გაჟღერდა ძალიან მძიმე ბრალდებები თვითონ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მაკა ბოჭორიშვილმა, დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებიც მოუწოდებენ, რომ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ბრალდებები გამოძიებული იქნეს, აქედან გამომდინარე კი, შესაბამისმა უწყებებმა გადადგეს საჭირო ნაბიჯები ბრალდებების გამოსაძიებლად.
მისივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია, წარმოადგინოს მის ხელთ არსებული მტკიცებულებები, როდესაც საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით მძიმე ბრალდებებს აყენებს, ვინაიდან, გამოძიება მხოლოდ განცხადებებს ვერ დაეფუძნება.
„ამასთანავე, ჩვენ გვესმის უკვე საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება, რომ ასეთი ბრალდებების არსებობის შემთხვევაში, გამოძიებული იქნეს სათანადოდ ის ფაქტები, რაც უკავშირდება არჩევნებს. აქედან გამომდინარე, სწორედ ამის გათვალისწინებით, ვხედავთ, რომ შესაბამისმა უწყებებმა გადადგეს საჭირო ნაბიჯები, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ის ბრალდებები რაც არსებობს, რაც ისმის საზოგადოებაში და რაც ისმის თავად სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, იქნეს გამოძიებული და ის ვალდებულია, თუკი ასეთ განცხადებებს აკეთებს, წარმოადგინოს მტკიცებულებები - რამ შექმნა საფუძველი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ასეთი მძიმე ბრალდებები გააკეთოს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. ყველაფერს სჭირდება მტკიცებულება.
ჩვენ თუ ვსაუბრობთ გამოძიებაზე, გამოძიება ვერ იქნება ვერანაირად უბრალოდ ცარიელ განცხადებებზე დაფუძნებული, მას სჭირდება მტკიცებულებები, სხვაგვარად გამოდის, რომ ის ცრუ ბრალდებები, რაც გვესმის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, მიმართულია ერთადერთი მიზნისკენ, რომ შექმნას ძალიან მცდარი წარმოდგენები და აღქმები საქართველოზე, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე, რაც რეპუტაციულ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.