გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა

6-02-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა. ირაკლი კობახიძეს, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.


მხარეებმა ყურადღება დაუთმეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს, ასევე სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.


აღინიშნა სავაჭრო ბრუნვის ზრდის პოზიტიური დინამიკა, ასევე საინვესტიციო და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი. პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანზიტო როლს, ასევე დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის განვითარების ხელშესაწყობად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.


საუბრისას, მხარეებმა ყურადღება დაუთმეს რეგიონულ გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


„ეს არის ჩემი ერთ-ერთი პირველი ვიზიტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც ცხადყოფს ჩვენს განსაკუთრებული ინტერესს ჩვენს ქვეყნებსა და ერებს შორის თანამშრომლობის, პარტნიორობისა და მეგობრობის განმტკიცების მიმართ. ეს მეგობრობა ეფუძნება ძალიან მტკიცე ისტორიულ, ტრადიციულ ფესვებს. ასე რომ, ამ პარტნიორობის განმტკიცება არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი. პოლიტიკური თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მადლობას მოგახსენებთ პირადად თქვენ და ყაზახეთს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება სხვადასხვა ფორმატის გამოყენებით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მოხარული ვიქნებით, თუ ეწვევით ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.


ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა ყაზახეთის პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა მის ძლიერ ლიდერობას.


გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას.


„საქართველო არის ყაზახეთის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და თქვენი დამსახურებული დანიშვნა მეტყველებს თქვენს ძლიერ ლიდერობაზე თქვენს ქვეყანაში. გისურვებთ წარმატებას. ასევე, ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით, მაღალი შეფასება მივცე საქართველოს თქვენ მიერ ბოლო წლებში მიღწეული უმნიშვნელოვანესი პროგრესისთვის. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. რამდენადაც ვიცი, შარშან ეკონომიკურმა ზრდამ მიაღწია 9.4%-ს, რაც ძალიან შთამბეჭდავ შედეგს წარმოადგენს. საქართველო არის ყაზახეთის მეგობარი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ამ ეკონომიკური ზრდის შეფასების შესაძლებლობა, რაც, რა თქმა უნდა, სარგებელს მოუტანს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას. თქვენი ვიზიტი ყაზახეთში ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ იგი ხელს შეუწყობს ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას და ურთიერთობებს ბევრ მნიშვნელოვან სტრატეგიულ სფეროში", - განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.


შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.