15-11-2018
„ლამაზი მთები, რითაც საქართველო არის განთქმული, ელენე მაკიშვილის პატარა, ოდნავ შელახულ სახლს გარს ერტყმიან. იქვე ვენახია გაშენებული, უკვე მწიფეა ვაშლი და კომში... თითქოს არაფერია შეცვლილი იმ დროიდან, როცა პატარა ელენე უზრუნველად დარბოდა მშობლიურ სოფელთან მდებარე მთების ფერდობებზე“, - ასე იწყება ნორვეგიულ ყოველდღიურ გაზეთში გამოქვეყნებული სტატია (ავტორი - ნორა ტორპ-ბიორნსტადი), რომელშიც „სამხრეთ ოსეთის“ პრობლემასთან დაკავშირებული საკითხებია განხილული.
საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან ვერსიას:
„ელენეს ბავშვობაში აქ სრულიად სხვაგვარი მდგომარეობა იყო, ხალხი თავისუფლად დადიოდა, დღეს კი მავთულხლართებია გაბმული, რომლის იქით რუსი სამხედრო მოსამსახურეები დგანან, იარაღით ხელში და იმას იცავენ, რასაც „სამხრეთ ოსეთი“ ჰქვია. არადა, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა „სამხრეთ ოსეთს“ ელენეს მშობლიური ქვეყნის - საქართველოს ნაწილად აღიარებენ“, - წერს ავტორი, რომელიც აღწერს კონფლიქტის ზონაში, სოფელ ახმაჯთან და ბობნევთან არსებულ სიტუაციას: რუსი მესაზღვრეების მოქმედებას, ქართულ საპოლიციო პოსტებს და ა.შ.
„ელენესთან სტუმრად რომ მივდიოდით, სახლამდე ქართული პოლიციის მანქანამ მიგვაცილა - ასეთია ფრონტისპირა ტერიტორიაზე არსებული წესები 2008 წლის აგვისტოს ომის დროიდან. რუსეთის წინააღმდეგ ომი მხოლოდ ერთი კვირა გაგრძელდა, შემდეგ კი მხარეები დაზავდნენ. თუმცა უკვე ათი წელი გავიდა, მაგრამ ამ ტერიტორიას უსაფრთხოს მაინც ვერ უწოდებ. ვინ ვის ემუქრება, იმაზეა დამოკიდებული, ვის დაუსვამ ამ კითხვას. რუსეთმა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთში რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად, რომლებიც, მოსკოვის აზრით, უსაფრთხოდ არ არიან. ქართველები კი, რომლებიც იძულებულნი გახდნენ ომის დროს აქედან გაქცეულიყვნენ, შიშობენ, რომ ვაითუ ახალი კონფლიქტი დაიწყოსო.
„ჩვენ, ქართველები, მეომრები ვართ, თუმცა რუსები ცდილობენ, რომ კლოუნებად წარმოგვიდგინონ. ახლა ჩვენი ხალხი იღვიძებს და როცა ყველა ბრძოლას დაიწყებს, ჩვენ საქართველოს გავაერთიანებთ“, - ამბობს კომუფლირებულ ფორმიანი 41 წლის დავით ქაცარავა, რომელიც თბილისიდან ერთი საათის სავალზე მდებარე შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ბორცვებს გასცქერის, სადაც ფრონტის ხაზი გადის. იგი აქტივისტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს, მასში 15 კაცია გაერთიანებული და რეგიონში კონფლიქტის გამმიჯნავი ხაზის ყველაზე მოწყვლად უბანს პატრულირებენ. მათი მიზანია არ მისცენ რუს მესაზღვრეებს ფრონტის ხაზის მიღმა გადაადგილების საშუალება, რათა ამით სეპარატისტული რესპუბლიკის ტერიტორია არ გააფართოვდეს“, - აღნიშნავს ავტორი და დავით ქაცარავას ესაუბრება. მას ბინოკლი აქვს და ნორვეგიელ ჟურნალისტს რუსეთის სამხედრო ბაზას აჩვენებს. „აი, უკვე 15 თვეა, რაც დავით ქაცარავამ, ოჯახის მამამ, რომელიც ჯორჯ კლუნს ჰგავს, კინომსახიობის კარიერა მიატოვა და აქ დგას. მან ვერ მოასწრო 2008 წლის ომში მონაწილეობა, ბრძოლები მალე დასრულდა, მაგრამ მუდმივად ხედავდა, თუ როგორ იქმნებოდა ფრონტის ხაზზე რუსების სამხედრო სადარაჯოები. როცა მათმა რაოდენობამ 20-ს მიაღწია (დაახლოებით 500-მდე ჯარისკაცით), დავითი მიხვდა, რომ საქმე სერიოზულადაა.. იგი ყოველდღიურად თავისი ჯგუფით თბილისიდან დადის, რომ ფრონტის ხაზი შეამოწმოს. „მტრებისაგან განსხვავებით, ჩვენს იარაღი მხოლოდ ბინოკლები და მობილური ტელეფონებია. მათ ჩვენი ტვინის, ჩვენი აზროვნების ოკუპაცია არ შეუძლიათ“, - ამბობს დავით ქაცარავა.
თუმცა აქტივისტების ლიდერი არ გამორიცხავს, რომ დადგება დრო, როცა იარაღის ხელში აღება იქნება საჭირო, საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ გაერთიანებისათვის. მისი თქმით, ამ მხრივ ყველაზე მისაბაძი ქვეყანა ისრაელია, სადაც მთელი მოსახლეობა საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დასაცავდ მუდამ მზადაა. „ნათქვამია - მშვიდობა თუ გსურს, ომისათვის უნდა ემზადოო“, - ამბობს დავითი. მისი თქმით, აქტივისტების მცდელობამ უკვე გამოიღო შედეგი: იმ ადგილზე, რომელსაც ისინი პატრულირებენ, რუსებმა მხოლოდ ორიოდეკილომეტრიანი მავთულხლართის გაბმა შეძლეს, სხვაგან კი 53 კილომეტრი.
Verdens Gang-ის ჟურნალისტის საქართველოში ყოფნა თბილისში აშშ-ის დელეგაციის ჩასვლას დაემთხვა: დონალდ ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ჯერ მოსკოვში იყო, სადაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა - „საქართველოს ამერიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვსო“.
რასაკვირველია, ასეთი ძლიერი მეგობრების ყოლა კარგია და მნიშვნელოვანი, ამბობენ ქართველები, რომლებიც Verdens Gang-ის ჟურნალისტს დაჰყვებიან, მაგრამ ისინი მაინც იმედგაცრუებულები არიან - ნატო რუსეთთან წინააღმდეგობაში ქმედით დახმარებას არ გვიწევსო. „ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთში იბრძვიან, სიცოცხლის რისკზე მიდიან და ცხადია, იმედგაცრუებულნი ვართ, რომ სამხედრო დახმარებას არ ვიღებთ ჩვენს ფრონტის ხაზზე“, - თვლის დავით ქაცარავა.
პუბლიკაციის ავტორი ეხება ფრონტის ხაზზე მომხდარ ინციდენტებსაც, რომლებიც რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცება-დაკავებაში გამოიხატება: „საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, მხოლოდ გასულ წელს 187 მსგავსი ინციდენტი დაფიქსირდა“.
სტატია სკეპტიკური განწყობით მთავრდება:
„ელენე ნოსტალგიით იხსენებს თავის ახალგაზრდობას, როცა სხვადასხვა ეროვნების ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ და ერთმანეთის ჭირსა და ლხინს იზიარებდნენ. „რა არის საჭირო, რომ ისევ ადრინდელი ურთიერთობები აღდგეს?, - ვეკითხები ელენეს. იგი მხრებს იჩეჩავს: „მე უკვე იმის რწმენა დავკარგე, რომ ეს როდისმე შესაძლებელი იქნება“.