13-03-2025
გვითხრეს, რომ 3 700 000 ხართ, ყველას ვერ დაგხოცავენ და ოკუპაციის შემდეგ უნდა გადახვიდეთ პარტიზანულ ომზეო, ანუ, პირდაპირ, ღია ტექსტით გვესაუბრებოდნენ იმაზე, რომ საკუთარი ქვეყანა უნდა გაგვეწირა რაღაც გლობალური ინტერესების სანაცვლოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უარის მიღების შემდეგ იყო პირდაპირი შანტაჟი, ქუჩაში გაიყვანეს რადიკალური ოპოზიცია კონკრეტული მოთხოვნებით და კოორდინაციაში ჩართეს უკრაინის ხელისუფლებაც.
„პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა ის, რისი გახსენებაც ნაკლებად არის დაკავშირებული გარკვეულ უხერხულობებთან და რისკებთან. იქ, კონკრეტულად, საუბარი იყო დაჟინებულ მოთხოვნაზე, რომ დაგვეწესებინა სანქციები. მოგვიანებით, საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს არავინ ითხოვდა სანქციებთან მიერთებას, თუმცა, რეალურად, დახურულ კარს მიღმა იყო ბევრად უფრო მძიმე საუბრები და მძიმე მოთხოვნები. ვისგან, როგორ, ამას დღესაც არ დავაკონკრეტებ, მაინც გავუფრთხილდები რაღაცეებს, თუმცა მე შემიძლია გითხრათ, რომ, მაგალითად, ერთი კონკრეტული შეხვედრა წარიმართა განსაკუთრებულად მძაფრი შინაარსით და იქ, პირდაპირ იყო საუბარი ქვეყნის ომში ჩართვაზე. ასევე, იცით, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გაიხსენა ერთ-ერთი ეპიზოდი, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრიდან, სადაც საუბარი იყო პარტიზანულ ომზე. მარტივი რაღაც გვითხრეს, რომ 3 700 000 ხართ, ყველას ვერ დაგხოცავენ და ოკუპაციის შემდეგ უნდა გადახვიდეთ პარტიზანულ ომზეო. ანუ, პირდაპირ, ღია ტექსტით გვესაუბრებოდნენ იმაზე, რომ საკუთარი ქვეყანა უნდა გაგვეწირა რაღაც გლობალური ინტერესების სანაცვლოდ. უარის მიღების შემდეგ იყო პირდაპირი შანტაჟი. იყო შანტაჟი, რომელიც გამოიხატებოდა სხვადასხვა ფორმით,"- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, შემდეგ გადავიდნენ ირიბ მოთხოვნებზე, მათ შორის, დახურულ კარს მიღმა, კერძოდ ეს სანქციებთან მიერთებასთან ერთად შეეხებოდა მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში, მთავრობის ოფიციალური ნებართვით.
„შემდეგ ამ ყველაფერში ჩართეს და ქუჩაში დააყენეს რადიკალური ოპოზიცია კონკრეტული მოთხოვნებით და ამ კოორდინაციაში ჩართეს უკრაინის ხელისუფლება, რომელმაც პირველ მარტს, ომის დაწყებიდან 5 დღეში გაიწვია ელჩი საქართველოდან. სწორედ, ამ ორი საბაბით - სანქციებთან არმიერთება და მებრძოლი მოხალისეების არგაგზავნა უკრაინაში. მე შეგახსენებთ, რომ მოლდოვაც არ იყო მაშინ მიერთებული სანქციებთან, თუმცა არათუ რაიმე მძაფრი დიპლომატიური რეაქცია, არავითარი კრიტიკაც კი არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით. არავის მოუთხოვია მოლდოვისგან მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა მთავრობის ჩართულობით და ა.შ. ჩვენგან გაიწვიეს ელჩი პირველ მარტს. მაშინ იყო ძალიან მძიმე ემოციური ფონი და ჩვენი მხარდამჭერებიც კი იყვნენ, რომლებიც მძაფრად გამოდიოდნენ, ერთგვარად ხელისუფლების წინააღმდეგ, - მრცხვენია რომ ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე საიდანაც ზელენსკიმ გაიწვია ელჩი და ასეთი გამოსვლები იყო, მითუმეტეს, არაფერს ვამბობ იმაზე, რა მძაფრი გამოსვლები ჰქონდათ მაშინ რადიკალური ოპოზიციის არამარტო ლიდერებს და წარმომადგენლებს, არამედ უბრალო მხარდამჭერებსაც, ემოციური ფონი იყო და გასაგებია, იყო რეაქცია. ზეწოლა გაძლიერდა, კოორდინაციაში ჩართეს ძალიან ბევრი სუბიექტი - საქართველოს შიგნით რადიკალური ოპოზიცია, „ენჯეოები", კონკრეტული მედიასაშუალებები, ქვეყნის გარეთ უკრაინის ხელისუფლება, კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებები რთავდნენ ხოლმე ცნობილ სახეებს, ყოფილი პრეზიდენტი ილვესი, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებდა აგრესიული ნაბიჯების გადადგმისკენ. პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტის გახსნისკენ,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.