14-03-2025
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ საერთაშორისო კონფერენციაში – „განათლება და მეცნიერება 21-ე საუკუნეში: გამოწვევები და ახალი პერსპექტივები“ მიიღო მონაწილეობა.
ალექსანდრე წულაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართვისას კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი თემის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები დარგის სპეციალისტებსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შორის დიალოგის წარმართვის, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის სასარგებლო პლატფორმაა.
აღსანიშნავია, რომ შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში გამართული საერთაშორისო კონფერენცია, მიზნად ისახავდა განათლებისა და მეცნიერების თანამედროვე ტენდენციების განხილვას, უმაღლესი განათლების რეფორმებისა და შრომით ბაზართან შესაბამისობის ანალიზს, ასევე, აკადემიური სფეროსა და სამეცნიერო კვლევების გამოწვევებზე მსჯელობას.
კონფერენცია წარმოადგენდა მნიშვნელოვან პლატფორმას საქართველოსა და საერთაშორისო აკადემიური საზოგადოების წევრებისთვის, სადაც თითოეულ მონაწილეს მიეცა შესაძლებლობა განეხილა განათლებისა და მეცნიერების სექტორის ტრანსფორმაციის გზები და გაეღრმავებინა უცხოელ კოლეგებთან არსებული თანამშრომლობა.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები, შეჯამების სახით კი ორგანიზატორებმა მონაწილეებს გააცნეს სამეცნიერო პლატფორმის მომავალი საქმიანობის გეგმები და ახალი ინიციატივები.
საერთაშორისო კონფერენციას „სამეცნიერო პლატფორმამ: განათლება განვითარებისა და სტაბილურობისათვის‘‘ უმასპინძლა, რომლის თავმჯდომარე პროფესორი ზაზა რუხაძეა.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეების წინაშე სიტყვით წარდგნენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.