18-11-2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე შაბათის კურიერში ხმების მობილიზების შესახებ გასულ სიუჟეტზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ კამპანია არა მხოლოდ გარდაბანში, არამედ მთელ საქართველოში მიმდინარეობს.
ეს განცხადება თალაკვაძემ ახალქალაქში, ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„კამპანია მიმდინარეობს არა მხოლოდ გარდაბანში, არამედ მთელს საქართველოში. დღეს ნახეთ ეს კამპანია და „რუსთავი 2“-მაც ნახა ახალქალაქში. მთელს საქართველოში არის ძალიან დიდი მხარდაჭერა. საზოგადოებას თვალწინ აქვს არჩევანი, რომელიც უნდა გააკეთოს. ეს არის პრინციპული არჩევანი ადამიანებს შორის, რომლებიც ნიღბებით მოდიან და აპირებენ მოსვლას, და ადამიანებს შორის, რომლებიც უბრალოდ სიმართლით მოვიდნენ ამ დრომდე. ეს არის ჩვენი გუნდი, რომელმაც ქვეყანაში ადამიანის პატივისცემა, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი დააბრუნა. დღეს ჩვენ აქ გავახმოვანეთ გეგმები, რომელიც სამცხე-ჯავახეთისთვის მომდევნო წლის ბიუჯეტშიც არის გათვალისწინებული. ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება მთელი საქართველოს მასშტაბით. შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელი, ეს იქნება ინფრასტრუქტურის წელი სხვა პრიორიტეტებთან ერთად და ძალიან ბევრი ახალი პროექტი განხორციელდება ყველა რეგიონში. ეს ნიშნავს, რომ იქნება კიდევ უფრო მკაცრი, კიდევ უფრო ეფექტური მართვა და მათ შორის, დეპუტატები, მაჟორიტარები პასუხისმგებლები ვართ, რომ თვალი მივადევნოთ ამ განვითარებას. ძალიან აქტიურად ვიქნებით კონტაქტზე საზოგადოებასთან.
ხოლო თუ რატომ აქვს ხალხს კარტოფილი გარდაბანში, ამაზე პასუხი არის სოფლის მეურნეობა“-განაცხადა თალაკვაძემ.